Site icon Civil.ge

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ‘შუღლის გაღვივების მოწოდებების’ კრიმინალიზების გეგმებს აკრიტიკებენ

ოცმა მედია და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ასევე 12–ზე მეტმა საინფორმაციო საშუალებამ დაგმო მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც „შუღლის გაღვივების თაობაზე მოწოდებებს“ დასჯადს ხდის და გააფრთხილა ერთობლივ განცხადებაში, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება „კრიტიკული, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ან უმრავლესობისთვის მიუღებელი გამოხატვის კონტროლის რისკს შეიცავს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებების თანახმად, მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, „ესე იგი ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით“, ითვალისწინებს პატიმრობას 2-დან 5-წლამდე.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში გასულ კვირას წარედგინა პარლამენტს და მასზე ახლა დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ.

„მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა, მოახდინოს გამოხატვის თავისუფლების რეგულირება, რეალურად, მიმართულია არა დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებების დაცვის, არამედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დომინანტი სოციალური და მორალური დისკურსის გაძლიერებისკენ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 40–მდე ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, უფლებადამცველი, მედიიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები და საინფორმაციო საშუალებები.

„კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც სიძულვილით მოტივირებული კონკრეტული დანაშაულების ჩადენის დროს, სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების მიმართ დემონსტრაციულად არაეფექტური, ზოგიერთ შემთხვევაში კი რეპრესიულია, სახელმწიფო ავლენს აბსოლუტურ პასიურობას დარღვეული უფლებების აღდგენისა და პრევენციის კუთხით. ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესების მიზანი დისკრიმინირებულიჯგუფების დაცვაა, ძალიან დაბალია“, – ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს, ამ ნორმის პრაქტიკაში გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია“. ამავე განცხადების თანახმად, „სახელმწიფოს მიერ დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და გაბატონებული მორალის მიმართ გამოვლენილი ღია ლოიალობა და აცდენა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპისგან, ამ შემთხვევაში, დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვის ინტერესის არსებობას არადამაჯერებელს ხდის“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი „ბუნდოვანია“, რადგანაც მასში გამოყენებული ტერმინები „ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება”, ჯგუფებს შორის „შუღლის გაღვივების მიზანი” ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს.

„ის ნორმის თვითნებური გამოყენების, მათ შორის, კრიტიკული, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ან უმრავლესობისთვის მიუღებელი გამოხატვის კონტროლის რისკს შეიცავს…  სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, და საჯარო სივრციდან მისი ეტაპობრივი გაქრობა, პირველ რიგში, სიძულვილის მიზეზების გააზრებით, შემწყნარებლური კულტურის კულტივირებითა და მედიასაშუალებების ეფექტური თვითრეგულირებისა და ეთიკის მაღალი სტანდარტების ამოქმედების გზით არის შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამასთან, მიგვაჩნია, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლა სახელმწიფოს მხრიდან, პირველ რიგში, საჯარო მოხელეების მიერ გამოვლენილ სიძულვილის ენის რეგულირებასა და ადეკვატური დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების გათვალისწინებას მოითხოვს და ამ პროცესის ხელშეწყობა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საჯარო სამსახურში შესაბამისი რეგულაციების შემოღებით უნდა უზრუნველყოს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს პარლამენტს შეაჩეროს შემოთავაზებული რეგულაციების განხილვა.  

ცვლილებების პროექტი იმ კანონპროექტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ინიციატივას, რომლის თანახმადაც,  საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის „უკანონო“ შეიარაღებულ ფორმირებებში იბრძვიან, სისხლის სამართლებრივ დასჯას დაექვემდებარებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)