პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 იანვარს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს შეხვდა ლარის გაუფასურების საკითხის განხილვის მიზნით იმ ფონზე, როდესაც ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2004 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
ლარმა, რომელიც სტაბილური იყო 2014 წლის ძირითადი პერიოდის განმავლობაში, ნოემბრის დასაწყისიდან დეკემბრის დასაწყისამდე პერიოდში თავისი ღირებულების 12%–ზე მეტი დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში. მართალია დეკემბრის ბოლოსთვის ლარი ოდნავ გამყარდა, მაგრამ ეროვნულმა ვალუტამ ისევ დაიწყო გაუფასურება და 1 იანვრის შემდეგ თავისი ღირებულების 7% დაკარგა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 2.0144 შეადგინა. 1 იანვრის შემდეგ ქართული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.7%–ით გამყარდა.
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ეროვნული ბანკი ჩაერიოს საკუთარი რეზერვების გამოყენების გზით.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მართალია გარკვეული ინფლაციური მოლოდინები არსებობს, მაგრამ საერთო ჯამში ფასების რაიმე მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება. მისი თქმით, თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ არსებული ინფლაციური მოლოდინები ფასების მნიშვნელოვან ზრდაში გადაიზრდება, მას მოუწევს საკუთარი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა. დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 4%–ზე დატოვა; ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს არის დაგეგმილი. წლიურმა ინფლაციამ დეკემბერში 2% შეადგინა.