საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 4.7%-ით გაიზარდა, რაც ოდნავ ჩამორჩება მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%-ს, აცხადებს „საქსატატი“ პარასკევს გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დეკემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნოემბერში 0.5%-იანი კლება დაფიქსირდა, ასევე წინასწარი მონაცემების მიხედვით.
2014 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა, მესამე კვარტალში დაფიქსირებული 5.6%-იანი ზრდის შემდეგ.
შარშანდელი პროგნოზის მსგავსად, 2015 წლისთვისაც მთავრობის მიერ 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა პროგნოზირებული.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი ქადაგიძემ 30 იანვარს, როცა ლარის კურსის გაუფასურების გამო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობდა, ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის 5%–იანი პროგნოზის გადახედვა იქნება საჭირო შემცირების მიმართულებით „იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არის ეკონომიკაში“.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებას უნდა მოყვეს „ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა“.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ შესაბამის ორგანოებთან, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კონსულტაციების გზით, „საჭიროების შემთხვევაში“ დაზუსტდება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.