ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე 4 თებერვალს ორდღიანი ვიზიტით კიევში გაემგზავრა, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პავლო კლიმკინთან გეგმავს შეხვედრას.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ის ასევე შეხვდება ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სხვა ოფიციალურ პირებს და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელობას უკრაინაში.
„განხილული იქნება საქართველოს გამოცდილება ასოცირების შეთანხების, სხვა დოკუმენტების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, გაზიარებული იქნება ეს გამოცდილება უკრაინულ მხარესთან და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები, უკრაინულ მხარის ვიზიტი საქართველოში და ა.შ.“, – განუცხადა დავით ბაქრაძემ მედიას კიევში გამგზავრებამდე.
გასულ კვირას უკრაინას ასევე სტუმრობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერები – ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.