რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე, იტყობინება კრემლი 4 თებერვალს.
ხელშეკრულება პრეზიდენტმა პუტინმა და აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 24 ნოემბერს სოჭში გააფორმეს. მისი რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 23 იანვარს მოახდინა, ხოლო ფედერაციის საბჭომ ის 28 იანვარს დაამტკიცა.
ათის წლის ვადით დადებული შეთანხმების პრიორიტეტებია „კოორდინირებული“ საგარეო პოლიტიკის განხორციელება; „საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის“, ასევე „საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის“ შექმნა; აფხაზეთის დახმარება სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაში; „პირობების შექმნა აფახაზეთის სრულფასოვანი მონაწილეობისთვის პოსტ–საბჭოთა სივრცეში რუსეთის ინიციატივით და/ან მისი დახმარებით მიმდინარე საინტეგრაციო პროექტებში“ და „საერთო კულტურული, სასულიერო და ჰუმანიტარული სივრცის შენარჩუნება“.
თბილისი აღნიშნულ შეთანხმებას „უკანონოს“ უწოდებს და გმობს მას, როგორც „საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს“.
მოსკოვი ასევე გეგმავს ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, რომელიც იმაზე უფრო ღრმა ინტეგრაციას ისახავს მიზნად რუსეთთან, ვიდრე ეს სოხუმთან გაფორმებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.