Site icon Civil.ge

პრეზიდენტი დეპუტატებს ყოველწლიური მოხსნებით 18 მარტს მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსნებით პარლამენტს 18 მარტს მიმართავს.

„18 მარტს შედგება პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში  – ეს არის შეჯერებული, შეთანხმებული თარიღი“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მანამდე, ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის მოხსენების სავარაუდო დროდ თავდაპირველად 18-20 თებერვლის სასესიო კვირა დაასახელა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ გიორგი მარგველაშვილი დეპუტატებს 18 მარტს მიმართავს.

უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი პარლამენტის უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციების შედეგად განისაზღვრება. 

პარლამენტის ოპოზიციური ჯგუფები პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ტრადიციული დებატების გამართვას ითხოვენ, თუმცა ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ამგვარ დებატებს საჭიროდ არ მიიჩნევს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იანვარში განაცხადა, რომ ის მზადაა ნებისმიერი შეთავაზებული ფორმატისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შარშანდელი შემთხვევა, როცა პარლამენტში მის საანგარიშო მოხსენებას მთავრობა არ დასწრებია, აღარ განმეორდება. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ამ განცხადებას მაშინ უპასუხა, რომ ის პრეზიდენტის „სიმბოლურ გამოსვლაზე“ დასწრებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)