საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 4.5%–მდე გაზარდა, როგორც ბანკმა აღნიშნა, „ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად“.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ განცხადება იანვრის ბოლოს გააკეთა ლარის აშშ დოლარის მიმართ გაუფასურების ფონზე.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რომელიც 11 თებერვალს შეიკრიბა, განაცხადა, რომ „რადგან საქართველოში გვაქვს დოლარიზაციის მაღალი დონე აშშ დოლარის მიმართ, ლარის გაუფასურება ქმნის ინფლაციის დამატებით რისკებს“.
ლარმა იანვრის ბოლოდან მოყოლებული თავისი ღირებულების 8.5% დაკარგა აშშ დოლარის მიმართ; თუმცა 11 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, მან ღირებულების 0.84% დაიბრუნა და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.0240 შეადგინა.
იანვარში წლიურმა ინფლაციამ 1.4% შეადგინა, მას შემდეგ, რაც დეკემბერში 2% დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 5%–იან მიზნობრივ ნიშნულს.
„პროგნოზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.
წინა ჯერზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2014 წლის თებერვალში შეცვალა და ის 25 საბაზისო პუნქტით, 4%–მდე გაიზარდა.