ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა 12 თებერვალს, რომ ის მიმდინარე წელს ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს საქართველოში, რათა „სერიოზულად ვისაუბროთ ორმხრივ ურთიერთობებზე“.
ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას მან მინსკში უპასუხა: „დიახ, მე ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. მე ოფიციალური ვიზიტი მაქვს. ჩვენ, საქართველოს ხელმძღვანელობასთან ერთად, არაერთხელ გადავდეთ ეს ვიზიტი, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, რომ წელს უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და სერიოზულად ვისაუბროთ ორმხრივ ურთიერთობებზე ჩვენთვის ახლო ადამიანებთან“.
ლუკაშენკოს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ამ თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია ორმხრივი მთავრობათაშორისი შეხვედრის შემდეგ, რომელიც მინსკში გაიმართა და სადაც საქართველოს დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ხელმძღვანელობდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმი გაფორმდა, რომელშიც სხვა „მნიშვნელოვან“ თემებთან ერთად, ბელორუსთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნების საკითხიც აისახა.