Site icon Civil.ge

მთავარი პროკურატურა: უკრაინა უარს აცხადებს სააკაშვილისა და ადეიშვილის ექსტრადირებაზე

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 17 თებერვალს განაცხადა, რომ ოფიციალურად მიმართა უკრაინის გენერალურ პროკურატურას თბილისის მიერ ძებნილი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების თაობაზე, თუმცა უკრაინის მხარე უარს აცხადებს მათ ექსტრადირებაზე.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, ექსტრადირების თაობაზე მიმართვისას მან იხელმძღვანელა შესაბამისი საერთაშორისო კონვენციითა და უკრაინასთან სამართლებრივი დახმარების თაობაზე ორმხრივი ხელშეკრულებით, რომელთა საფუძველზეც მხარეები კისრულობენ ვალდებულებას „განიხილონ და გადასცენ ერთმანეთს ძებნილი პირები“.

„ვინაიდან მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს საქართველოში წაყენებული აქვთ ბრალდებები და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ამასთან, ადეიშვილი იძებნება წითელი ცირკულარით, და ასევე, ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციით ხსენებული პირები იმყოფებიან უკრაინაში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა ხსენებულ პირთა დადგენა-დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით. მიუხედავად ქვეყნებს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული ზემოთ დასახელებული ვალდებულებებისა, უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და უარს აცხადებს ძებნილი პირების ექსტრადირებაზე“,  – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ამ განცხადების გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ  ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი დავით საყვარელიძე დაინიშნა, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2010–2012 წლებში ანალოგიურ თანამდებობას იკავებდა; ხოლო ოთხი დღით ადრე, 13 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და იძებნება საქართველოს ხელისუფლების მიერ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის მრჩევლად და რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.

ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც იძებნება, რაიმე ოფიციალურ პოსტს არ იკავებს უკრაინის ხელისუფლებაში, თუმცა არაფორმალურად რჩევებს აძლევს უკრაინის ხელისუფლებას, როგორც ამის თაობაზე ის ქართველი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომლებიც ამჟამად უკრაინაში მუშაობენ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)