Site icon Civil.ge

მოსკოვი „საქართველოს ნატოში ჩათრევის“ წინააღმდეგ აფრთხილებს

რუსეთი მიიღებს ზომებს, რათა აღკვეთოს „თბილისის ნატოში ჩათრევის დაუსრულებელი მცდელობების“ „უარყოფითი ზემოქმედება“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 თებერვალს.

მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ლავროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნა, რომ საქართველომ სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ „იურიდიულად სავალდებულო“ შეთანხმებებს მოაწეროს ხელი.

„ეს ამოცანა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც არ წყდება თბილისის ნატოში ჩათრევის მცდელობები“, – განაცხადა ლავროვმა.

„ჩვენ ერთიანი პოზიცია გვქონდა [სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან] იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ შეუწყობს ხელს ამიერკავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას და თუ ეს ნაბიჯები უკვე პრაქტიკულ ფორმებს შეიძენს – და ყველაფრით თუ ვიმსჯელებთ, ეს უკვე იწყება – ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ ზომებს, რათა არ დავუშვათ სიტუაციაზე ამ პროცესების უარყოფითი ზეგავლენა“, – დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

რუსეთის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ნატოში, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა თებერვალში, რომ ნატოს განზრახვა, რომ საქართველოში საწვრთნელი ცენტრი გახსნას, „პროვოკაციული“ ნაბიჯია. „ნატოს სამხედრო ობიექტების გამოჩენა საქართველოში არის დაძაბულობის ესკალაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მან.

პრესკონფერენციამდე ლავროვმა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ. ლავროვმაც და სანაკოევმაც განაცხადეს, რომ ეს შეთანხმება საბოლოოდ გააქარწყლებს სპეკულაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონის ანექსიას გეგმავს.

მოსკოვი და ცხინვალი ასევე ამზადებენ ახალ ხელშეკრულებას „მოკავშირეობის და ინტეგრაციის“ შესახებ, რომელსაც თბილისი გმობს, როგორც რუსეთის მიერ რეგიონის „დე ფაქტო ანექსიას“.

სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების პროექტი, მისი არსებული ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, სეპარატისტული რეგიონის ბევრი ძირითადი სტრუქტურის რუსეთის ფედერაციის სტრუქტურებთან გაერთიანების გაფორმებას ითვალისწინებს. ხელშეკრულების პროექტის თანახმად, სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის, უშიშროების, სამართალდამცავი და საბაჟო სტრუქტურები რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამინისტროების და სტრუქტურების შემადგენლობაში უნდა შევიდნენ. პროექტის თანახმად, გაუქმდება სასაზღვრო–გამშვები პუნქტი როკის გვირაბთან, რომელიც სეპარატისტულ რეგიონს რუსეთთან აკავშირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)