პარლამენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ახალი დეპუტატის ლუკა კურტანიძის უფლებამოსილება 96 ხმით ცნო 18 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე.
კურტანიძემ სადეპუტატო მანდატი ადგილმონაცვლეობის წესით მიიღო მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატი თამაზ ავდალიანი ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 30 იანვარს გარდაიცვალა.
კურტანიძე, რომელიც ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი იყო, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების მაჟორიტარად იყრიდა კენჭს ლაგოდეხში, თუმცა ხმების, დაახლოებით, 37%-ით დამარცხდა კონკურენტთან ნაციონალური მოძრაობიდან; შემდეგ ის პოლიციის აკადემიის პრორექტორი და ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ეს პოსტი მოჭიდავეების მხრიდან მის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დატოვა. კურტანიძე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია.
ამასთან, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია კიდევ ერთი ახალი დეპუტატის შესვლა პარლამენტში, რადგან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. მისი ადგილმონაცვლე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის 36-ე ნომერი ეკა ხერხეულიძეა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.