პარლამენტმა 19 თებერვალს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამი ახალი წევრი დაამტკიცა ღია კონკურსის წესით შერჩეული ცხრა კანდიდატიდან, რომლებიც პრეზიდენტმა სამ ვაკანტურ თანამდებობაზე შესთავაზა საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები გახდნენ: მერაბ ქათამაძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძის ამჟამინდელი კონსულტანტი; გიორგი ფრუიძე, 2004-2009 წლებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი; და ელისო ასანიძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი.
ახალი წევრები ხუთწევრიან კომისიაში აკაკი სიხარულიძეს, სოფიო ბრიტანჩუკსა და ირაკლი მოსეშვილს შეცვლიან, რომელთაც უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა გაუვიდათ.