საქართველოს ეკონომიკა 2015 წელს, სავარაუდოდ, 2–2.5%–ით გაიზრდება, ნაცვლად თავდაპირველად პროგნოზირებული 5%–ისა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კვირას.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდა რეალურად 2-2.5% იქნება 2015 წელს“, – განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს კვირიკაშვილმა, რომელიც იმავდროულად ვიცე–პრემიერია.
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა შაბათს, რომ მთავრობა ლარის გაუფასურების და „რეგიონში ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარების“ ფონზე 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას გეგმავს. მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ასევე განიხილავს „ადმინისტრაციული ხარჯების“ შესაძლო შემცირებას.
ეკონომიკის მინისტრმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა ადმინისტრაციული ხარჯების დაგეგმილი შემცირების დეტალებზე საუბრისგან; მისი თქმით, ეს საკითხი მთავრობაში განიხილება. 22 თებერვალს გაკეთებულ ცალკე განცხადებაში კვირიკაშვილმა უთხრა ტელეკომპანია „იმედს“, რომ დეტალური გეგმა მიმდინარე კვირას იქნება წარმოდგენილი.
წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შარშან 4.7% შეადგინა, ნაცვლად მთავრობის მიერ პროგნოზირებული 5%–ისა. 2015 წლის იანვრის წინასწარი მონაცემები 27 თებერვალს გამოქვეყნდება.
პარასკევს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.1771–მდე დაეცა მას შემდეგ, რაც წინა დღეს 2.1472 იყო.
ნოემბრის შემდეგ, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ლარმა თავისი ღირებულების 24.1% დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში და 11.9% ევროსთან მიმართებაში.
წლიურმა ინფლაციამ იანვარში 1.4% შეადგინა.
ქართული ექსპორტის კლების ტენდენცია იანვარშიც გაგრძელდა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ის 30%–ით შემცირდა. მთავრობამ ეს კლება რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის შემცირებას დაუკავშირა.
იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირების ტენდენციაც გაგრძელდა და 75.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.3%–ით ნაკლებია და ის ძირითადად, რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ გამოიწვია.