იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა 22 თებერვალს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.
მეფარიშვილი, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები არ დაასახელა, 2013 წლის დეკემბერში იმერეთის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას, მეფარიშვილმა განაცხადა, რომ იმერეთის რეგიონის ადმინისტრაცია „ერთ–ერთი წარმატებული“ იყო 2014 წელს დასახული მიზნების მიღწევის კუთხით და „საუკეთესო“, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.
მეფარიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონს გუბერნატორის ცვლილება ახალ ხედვას და წარმატებებს მოუტანს, განსაკუთრებით ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მან იქვე დასძინა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მიმართა პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილს გადადგომის თხოვნით.