Site icon Civil.ge

ტუსკი ‘რეფორმებში მნიშვნელოვანი პროგრესისკენ’ მოუწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მოუწოდა საქართველოს, რომ რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოს, მათ შორის კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის და პროკურატურის სფეროებში და ხელი შეუწყოს „პატივისცემის პოლიტიკურ კლიმატს“.

26 თებერვალს საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ტუსკმა განაცხადა: „საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ–ერთი ლიდერია. ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ფაქტია“.

მისი თქმით, ასოცირების შეთანხმების განხორციელება საქართველოს პრემიერ–მინისტრთან განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო. ტუსკმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ იყო შარშან ივნისში ევროკავშირთან ამ შეთანხმების ხელმოწერა.

„დრო მოვიდა, რომ საქართველომ წინ წაწიოს თავისი რეფორმების დღის წესრიგი ისეთ სასიცოცხლო სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემა, მათ შორის დამოუკიდებელი პროკურატურის შექმნა“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

„პატივისცემის პოლიტიკური კლიმატის ხელშეწყობა და პარტიებს შორის დიალოგი კიდევ ერთი სფეროა, სადაც მე პროგრესისკენ მოვუწოდე“, – დასძინა მან.

„ამ შეთანხმების განხორციელება ქვეყანას საიმედო გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება მისი ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისით“, – განაცხადა ტუსკმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, რომელიც ბრიუსელს 26 თებერვალს ერთდღიანი ვიზიტით სტუმრობდა, განაცხადა დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველოს „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადია“.

„ჩემი მთავრობის მთავარი ამოცანაა ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ევროპული დღის წესრიგი ხორციელდება; ჩვენ ასოცირების შეთანხმების შემდგომი ეფექტური განხორციელების ერთგულნი ვრჩებით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
 
ბრიუსელში ღარიბაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს; ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მოლაპარაკებები გამართა მოლდოვას ახალ პრემიერ–მინისტრთან, კირილ გაბურიჩისთან, რომელიც ასევე ბრიუსელში იმყოფებოდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შესახვედრად.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მე მოვუწოდე პრემიერ–მინისტრს, რომ [სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის] რეგიონებთან კონტაქტი დაამყაროს და როგორც არაღიარების, ისე ჩართულობის ორმხრივი მიდგომა განახორციელოს“, – განაცხადა ტუსკმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს სეპარატისტულ რეგიონებთან რუსეთის „მოკავშირეობის“ ხელშეკრულებათა შედეგებს.  

 „ეს შეთანხმება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ის ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განაცხადა ტუსკმა.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება სეპარატისტულ რეგიონებთან ამ ხელშეკრულებების ხელმოწერის თაობაზე ადასტურებს მოსკოვის „განზრახვას, რომ ნაბიჯ–ნაბიჯ საქართველოს ამ ნაწილების ანექსია მოახდინოს“.

შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული საქართველოს და ევროკავშირს შორის ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგი.  

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ამოცანა შეასრულოს და ელის, რომ ევროკომისია მაისის ბოლოს რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ვიზების ლიბერალიზაციის რეკომენდაციას გასცემს.

ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტუსკმა განაცხადა: „ჩვენ კარგ პროგრესს ვაღწევთ ამ საკითხში და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე რიგაში, ამ კონტექსტში წარმატებულები ვიქნებით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)