Site icon Civil.ge

რუმინეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ ‘ძლიერ მხარდაჭერას’ ადასტურებს

რუმინეთი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის „ძლიერი მხარდამჭერია“, განუცხადა რუმინეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ პონტამ თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ღარიბაშვილს 27 თებერვალს ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე.

„ეს არ არის ადვილი გზა… მართალია, რომ ყველა უკრაინის შესახებ საუბრობს; რუმინელები ყოველთვის საუბრობენ მოლდოვას შესახებ და პირადად მე ყოველთვის ვსაუბრობ მოლდოვას და საქართველოს შესახებ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა პონტამ და დასძინა, რომ რუმინეთი „თანაბრად“ უჭერს მხარს მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დაგავიწყდეთ. გვესმის, რომ ძალიან დაძაბული ვითარებაა რეგიონში, ძალიან რთული ვითარებაა – ვგულისხმობ უკრაინის კრიზისს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს შესახებ და ჩვენი ქვეყანა განხილვის საგანი უნდა იყოს“, – უპასუხა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა პონტამ  კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ჩვენი მოვალეობაა გვახსოვდეს საქართველო“, რომელმაც გამოიჩინა „სიმამაცე, რომ იდგეს ევროკავშირის, ნატოს გვერდით“ რეგიონში არსებული  რთული ვითარების მიუხედავად. 

„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება დღეს ჩვენი განხილვის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი იყო. გვინდა მადლიერება გამოვხატოთ თქვენი ქვეყნის მიმართ, ძვირფასო მეგობარო, და თქვენი პირადი წვლილის მიმართ; ჩვენ ვგრძნობთ თქვენს ძალიან ძლიერ მხარდაჭერას“, – განუცხადა ღარიბაშვილმა თავის რუმინელ კოლეგას.

პრემიერ–მინისტრმა პონტამ განაცხადა, რომ ენერგეტიკის და სატრანსპორტო პროექტები, მათ შორის AGRI,  ასევე იქნა განხილული შეხვედრის დროს.

გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების პროექტის თანახმად, რომელიც ცნობილია სახელწოდებით Azerbaijan, Georgia, Romania Interconnection (AGRI),  აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით მიეწოდება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს, სადაც მისი გათხევადება მოხდება; კონსტანცაში ტანსპორტირების შემდეგ გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიან, რის შემდეგაც გაზსადენებით მისი ევროპაში ექსპორტი მოხდება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან ერთად, ბუქარესტს 27 თებერვალს მას შემდეგ ესტუმრა, რაც 26 თებერვალს ბრიუსელში მოლაპარაკებები გამართა ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

ბუქარესტში ქართული დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ რუმინეთის სენატის თავმჯდომარეს, კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუს და დეპუტატთა პალატის სპიკერს ვალერიუ სტეფან ზგონეას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)