Site icon Civil.ge

ქართული ოცნების დეპუტატების ბოიკოტის გამო ქუთაისის პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ვერ შედგა

რეგისტრაციის სამი უშედეგო მცდელობის შემდეგ ქუთაისის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის მიერ ინიცირებული რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ეკონომიკურ საკითხებზე დებატები იგეგმებოდა, კვორუმის უქონლობის გამო არ შედგა, რადგან  ადგილზე არ გამოცხადდა ქართული ოცნების დეპუტატების უმრავლესობა.

სულ ცოტა 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რათა სხდომა უფლებამოსილი იყოს. თუმცა სხდომის დაწყებისთვის ჩატარებული სამი უშედეგო რეგისტრაციის დროს ტაბლოზე დეპუტატების მაქსიმალურ რაოდენობად 42 დაფიქსირდა.

24 თებერვალს ნაციონალურმა მოძრაობამ ლარის კურსის გაუფასურების ფონზე პრეზიდენტ მარგველაშვილს 27 თებერვლისთვის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, რათა პარლამენტში მისულიყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „კრიზისული“ ვითარებიდან გამოსავლის გზებზე „სერიოზულად ემსჯელათ“.

ამ მოწოდებას განცხადებების დონეზე ასევე შეუერთდნენ ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებიც“.

თუმცა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არ ჩათვალა საჭიროდ სხდომის მოწვევა იმ მოტივით, რომ მთავრობას უნდა მიეცეს ვადა, დაახლოებით, 5 მარტამდე, რათა საქართველოში ვიზიტით მყოფ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ აპირებს ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, რომელსაც იმ დროს თავისი ღირებულების 29% ჰქონდა დაკარგული აშშ დოლართან მიმართებაში.

ბოლო ორ დღეში ლარი 4.3%–ით გამყარდა და 2.1654 შეადგინა აშშ დოლართან მიმართებაში; ნოემბრის დასაწყისში, სანამ ლარი გაუფასურებას დაიწყებდა, გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7542–ს შეადგენდა.

როცა პრეზიდენტი, მოთხოვნიდან 48 საათის განმავლობაში, არ გამოსცემს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტს, კონსტიტუციის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში თავად იკრიბება. ამ ნორმის გათვალისწინებით პარლამენტის ბიურომ რიგგარეშე სხდომა 28 თებერვლისთვის დანიშნა.

ქუთაისის სხდომათა დარბაზში სხდომაზე დასასწრებად შაბათს ნაციონალური მოძრაობის,  „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატები და ქართული ოცნების სულ ცოტა ორი დეპუტატი გამოცხადდა, მათ შორის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომელიც შეკრებას უძღვებოდა და ზაქარია ქუცნაშვილი.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას, როგორც „შოუს“ დადგმის მცდელობას, პარასკევს თბილისის პარლამენტის შენობაში შეიკრიბა, რათა რიგგარეშე სხდომის  შესახებ ემსჯელა და შეთანხმდა, რომ დასწრებაზე გადაწყვეტილებებს დეპუტატები ინდივიდუალურად მიიღებდნენ.

„სამწუხაროა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა პარლამენტი არ შეიკრიბა“, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ზურაბ ჯაფარიძემ.

„როდესაც ეუბნები მოქალაქეებს, რომ თუ რიგგარეშე სხდომას მოიწვევს შაბათს და პოლიტიკურ შოუს დადგამ, ლარის კურსი ამით უფრო დასტაბილურდება, ეს არ არის სწორი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ ქართული ოცნებიდან, „ამიტომ ჩვენ არ გვინდა, რომ ამ პოლიტიკური შოუს მონაწილეები ვიყოთ“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)