Site icon Civil.ge

ნაციონალური მოძრაობა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გეგმავს

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა შაბათს, რომ 21 მარტს თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს, რათა მთავრობის გადადგომა მოითხოვოს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პარლამენტში რიგგარეშე სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიმართა, რადგანაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ეკონომიკურ საკითხებზე დებატების გამართვის მიზნით ითხოვდა.    

„საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ და არ გამოცხადდა ამ სხდომაზე“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ დაგეგმილი საპროტესტო აქციის ანონსირებისას.

ჯაფარიძემ, რომლის გვერდითაც ნაციონალური მოძრაობის სხვა დეპუტატებიც იდგნენ ქუთაისის პარლამენტის შენობაში, განაცხადა, რომ ქართული ეკონომიკა „კოლაფსის წინაშე იმყოფება“ და „ლარის გაუფასურებამ თითოეული ქართული ოჯახი დააზარალა“.

„საქართველოს მთავრობა არის სრულიად უმოქმედო. მას არ გააჩნია მეტნაკლებად მწყობრი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანა. მეტიც, ის უარს აცხადებს უკვე თვეებია იმ გეგმის განხილვაზე, რომელიც მომზადებული იქნა ჩვენს მიერ და რომელიც არის ერთადერთი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში“, – განაცხადა ჯაფარიძემ ნაციონალური მოძრაობის გეგმაზე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ასევე შეიცავს საგადასახადო განაკვეთების შემცირებისკენ მოწოდებას.

„საქართველოს მთავრობა აღარ უსმენს ხალხს. მას არ ესმის ხალხის ენა. ჩვენი, როგორც ოპოზიციური ძალის, პირდაპირი მოვალეობაა, რომ მას ეს ხმა გავაგონოთ. და სამწუხაროდ რადგან ეს არ მოხერხდა დღეს აქ პარლამენტში, ეს მოხდება თბილისში, რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა მან.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, ვინც თვლის, რომ არის მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის, რომ ეს მთავრობა არის უნიათო და არაფრის მაქნისი, შევიკრიბოთ ერთად 21 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ერთად მოვითხოვოთ გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა. გელით ყველას 21 მარტს თბილისში რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა მან.