Site icon Civil.ge

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე გამოსვლისას ბერუჩაშვილმა რუსეთის ‘აგრესიული პოლიტიკა’ გააკრიტიკა

2 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მოუწოდა რუსეთს „შეწყვიტოს აგრესიული პოლიტიკა სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ“ და განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის „აგრესია“ იზოლირებული შემთხვევა არ არის.

„დღეს ჩვენ მოწმენი ვართ იმ სიტუაციისა, როდესაც ადამიანის უფლებათა საბჭოს ერთ–ერთი წევრი სახელმწიფოს და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმოვმოქმედი წევრის მიერ ირღვევა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები“, – განაცხადა მან რუსეთზე მინიშნებით.

„მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, ყირიმის ანექსიასა და მისი აღმოსავლეთ რეგიონების შემდგომ დესტაბილიზაციაზე“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს თავისი აგრესიული პოლიტიკა სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ და ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ“.

„უკრაინა ერთი იზოლირებული შემთხვევა არ არის, ეს არის რუსეთის მცდელობის ნაწილი გააფართოვოს საკუთარი გავლენის სფეროები ისე, რომ შეზღუდოს სახელმწიფოთა სუვერენული უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„ასეთი პოლიტიკის ნათელი მაგალითია რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და ჩემი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის 20%–ის ოკუპაცია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთი აშკარად არღვევს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ე.წ. „ინტეგრაციის“ ხელშეკრულებები „ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებთან რუსეთის მცოცავი ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა“.

მოვლენათა ამგვარი განვითარება, განაცხადა მან, კვლავ არღვევს „ეთნიკური წმენდის“ შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებს, რომ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და ასევე იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ამჟამად სეპარატისტულ რეგიონებში ცხოვრობენ.

თავის გამოსვლაში ბერუჩაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა წარადგინა გაეროს ადამიანის უფლებათა 47–წევრიან საბჭოში 2016–2018 წლებში ადგილის დასაკავებლად, აგრძელებს საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზებას საერთაშორისო სტანდარტებთან სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციების და ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების რატიფიცირების და მათთან მიერთების გზით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)