პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მართალია ამომრჩეველმა „პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა“ ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლის არჩევნებზე, მაგრამ "სააკაშვილის რეჟიმის" მიერ დატოვებული „იარები ვერ მოშუშდება“, სანამ არ აღდგება წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა უფლებები.
პრემიერ–მინისტრმა ეს განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე გააკეთა. დეპარტამენტი იმ ათასობით განაცხადს შეისწავლის, რომლებიც მოქალაქეებმა პროკურატურაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიტანეს და რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფოს მიერ ქონების უკანონო ჩამორთმევის, ციხეებში არასათანადო მოპყრობის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევების ფაქტებს ეხება. ახალ დეპარტამენტს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსნის, მათ შორის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს უძღვებოდა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „ძალიან ბევრი" გააკეთა „სამართლიანობის აღსადგენად“ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, მაგრამ „რა თქმა უნდა, უამრავი საქმეა დარჩენილი გამოსაძიებელი“.
„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს მთავარ პროკურატუტაში დაიწყო ათასობით განაცხადის შესწავლა … რა თქმა უნდა, ამ პროცესში მონაწილეობას ღებულობდა ეკონომიკის სამინისტრო“, რადგანაც, ღარიბაშვილის თქმით, ბევრი საჩივარი სახელმწიფოსთვის ქონების არანებაყოფლობით გადაცემის შემთხვევებს უკავშირდება.
„ორ წელზე მეტი დრო არის გასული მას შემდეგ, რაც ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ჩვენმა ხალხმა. ბევრ ჩვენ მოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლებები, მაგრამ ამის მიუხედავად, დარჩა იარები, რომლებსაც სჭირდება მოშუშება“, – განაცხადა მან.
„და იარა ვერ მოშუშდება, სანამ თავისი სახელი არ დაერქმევა ყველა დანაშაულას და პასუხი არ მოეკითხებათ მათ, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და შეუკვეთა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ხალხს“, – განაგრძო მან, „ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ღირსების საქმე. ამის გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზებული, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება – სამართლებრივი და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება, რისი ამბიციაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს“.
„ჩვენი ხალხი წლების განმავლობაში იყო დამცირებული, შეურაცხყოფილი; ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება; ბევრი მათგანი ციხეში მოხვდა უკანონოდ, უსასტიკეს, შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „მათ ცხოვრება დაუნგრიეს. დღეს ეს ადამიანები მოთმინებით ელიან პასუხს. გვაქვს უამრავი დოკუმენტი, არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდნენ დაკავებას და წამებას პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის, მათი ქონების კონფისკაციისთვის და მრავალი სხვა უკანონო მოქმედებებისთვის. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა გაასამართლა 300 000 ადამიანი, 300 000 საქართველოს მოქალაქე – 4.5 მილიონიან საქართველოში ეს არის უზარმაზარი რიცხვი. ამას, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან“.
„ჩვენ კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ ადამიანების წინაშე გვაკისრია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე გასამართლებულია, ხოლო სხვების საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს.
მან ასევე განაცხადა, რომ „ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენა“ ნაჩქარევად არ უნდა მოხდეს.
„ამას სჭირდება დრო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ჩვენ ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ. სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავალი თაობის ინტერესები შეეწიროს, რაც სრულიად დაუშვებელია. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვიჩქარებდით; ამ პროცესს სჭირდებოდა ძალიან კარგი გაანალიზება“.
„მაგრამ ერთი რამ ცხადია – პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ეს დანაშაულები დაგეგმა, ვინც იყვნენ ინიციატორები და ორგანიზატორები ამ დანაშაულების. ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა ხელისუფლებისთვის ამ ქვეყანაში, რომ საქართველოში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება, ვინც არ უნდა იყოს ის. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგეს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
მისი თქმით, გრძელდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ „საშუალო და ქვედა რგოლის მოხელეებს, რომლებმაც შესაძლოა გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას, მაგრამ არ აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა და მთავარ აქცენტს, ალბათ, გამოძიება გააკეთებს დანაშაულის ინიციატორზე და ორგანიზატორზე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)