Site icon Civil.ge

რიჩარდ ნორლანდი: თბილისი ‘გააზრებულ სტრატეგიას’ ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

აშშ–ის ელჩმა თბილისში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა 4 მარტს, რომ საქართველო „გააზრებულ სტრატეგიას“ ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, მათ შორის „დიპლომატიური დიალოგის“ და სამხედრო შესაძლებლობების გამტკიცების გზით. 

მან ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ნორლანდს საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადების შესახებ ჰკითხა, რომლის თანახმადაც, ოლანდს ამ ეტაპზე ნატოს გაფართოება პრიორიტეტად არ მიაჩნია და ასპირანტ ქვეყნებს ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათ ალიანსში გაწევრიანებაზე. 

„ნატოს წევრი სახელმწიფოს მეთაურის განცხადებაზე საგანგებო კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა, „ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ, მგონია, მნიშვნელოვანია, საქართველომ გააკეთოს ყველაფერი, რათა მიუახლოვდეს ნატოს წევრობისათვის საჭირო კვალიფიკაციას“.

„ამჟამად საქართველო ახორციელებს, ჩემი აზრით, ძალიან გააზრებულ სტრატეგიას, რათა  დაიცვას ეროვნული უსაფრთხოება. ის ფოკუსირებულია იმაზე, რომ გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და ეკონომიკური კავშირები დაამყაროს თავის მეზობლებთან. ფოკუსირებულია სამხედრო შესაძლებლობების გამტკიცებაზე, მისი არმიის შემაკავებელი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მათ შორის, ავღანეთის [ოპერაციაში მონაწილეობისთვის] ჯარისკაცების მომზადების გზით. ის ასევე მისდევს დიპლომატიურ დიალოგს და ცდილობს ამ მიდგომით რაც შეიძლება მეტს მიაღწიოს. ამგვარად, საქართველო ამჟამად ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია და ვფიქრობ, როდესაც დრო მოვა, ნატო სათანადო გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)