Site icon Civil.ge

ქართულმა ოცნებამ საყდრისზე საპარლამენტო გამოძიება დაბლოკა

იმის მიუხედავად, რომ პარლამენტმა სამი თვის წინ მიზანშეწონილად მიიჩნია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც საყრდისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოიკვლევდა, საკანონმდებლო ორგანომ ვერ აღასრულა საკუთარი გადაწყვეტილება, რადგან 4 მარტს ქართული ოცნების დეპუტატების უმეტესობამ, თუმცა არა ყველამ, მხარი არ დაუჭირა კომისიის დაკომპლექტებას.

4 მარტის კენჭისყრა საგამოძიებო კომისიის წევრების დასამტკიცებლად იმ ორსაფეხურიანი პროცედურის ბოლო ეტაპი იყო, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნელად არის საჭირო.

პირველი ეტაპი იყო კენჭისყრა საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე, რომლის ინიციატორებიც „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ. 

დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას 58 ხმით 14–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

ქართული ოცნების ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, რესპუბლიკური პარტიის და ეროვნული ფორუმის დეპუტატებმა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებთან ერთად.

საგამოძიებო კომისიის მიზანშეწონილობის საკითხზე 58 ხმა საკმარისი იყო, თუმცა კომისიის დაკომპლექტებას უფრო მაღალი მხარდაჭერა ჭირდებოდა – სულ ცოტა 76 ხმა.

4 მარტის კენჭისყრის დროს ამ საკითხს 55 დეპუტატმა დაუჭირა მხარი – კომისიის შესაქმნელად საჭირო რაოდენობაზე 21 ხმით ნაკლებმა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მართალია პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს „მიზანშეწონილად“ მიიჩნია საყდრისის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამოძიება, მაგრამ თავად კომისია, რომელმაც ეს უნდა გამოიძიოს, ამ ეტაპზე არ შეიქმნება.

კომისიის დაკომპლექტების საკითხი პარლამენტმა 20 თებერვალს განიხილა, მაგრამ მაშინ დეპუტატებმა ვერ შეძლეს საკითხის კენჭისყრაზე დაყენება კვორუმის არარსებობის გამო.

მაშინდელი განხილვების დროს ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ საყდრისი „პოლიტიკური სპეკულაციის“ საკითხად იქცა და მართალია, მას არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო კომისიის წევრობის კანდიდატების მიმართ, მაგრამ იგი მაინც არ აპირებდა საკითხის მხარდაჭერას, ვინაიდან ის საპარლამენტო გამოძიების წინააღმდეგ იყო.

დეპუტატმა ნინო გოგუაძემ თავისუფალი დემოკრატებიდან უპასუხა, რომ ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს დეპუტატების ამგვარი პოზიცია გასაკვირი იყო, რადგანაც რეალურად კენჭისყრა ეხებოდა კომისიის წევრებით დაკომპლექტებას და არა გამოძიების დაწყების საკითხს, რაც დადებითად იყო უკვე გადაწვეტილი დეკემბრის ბოლოს. მან ასევე მოუწოდა დეპუტატებს, რომ საპარლამენტო გამოძიების დაბლოკვის გზით „არ გავხდეთ ამ სავარაუდოდ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის თანამონაწილე“, რომელიც კომპანია RMG-ისთვის საყდრისის საბადოზე ოქროს მოპოვებითი საქმიანობის დაწყების ნებართვის გაცემას უკავშირდება.