მთავრობამ დაავალა მის დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ 16 მარტამდე წარმოადგინონ ხარჯების შემცირების გეგმები იმ ფონზე, როცა ხელისუფლება 5%–იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 2%–მდე შემცირებას აპირებს.
5 მარტს მთავრობის სხდომაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ სამინისტროებს და სხვა სამთავრობო სტრუქტურებს დაევალათ, რომ „მინიმუმამდე“ დაიყვანონ ადმინისტრაციული შენობების სარემონტო ხარჯები; არ შეიძინონ „რბილი ავეჯი“; შეიზღუდონ ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომობილებისა; 30%-ით შემცირდეს საწვავის ხარჯი, რაც არ შეეხება ოპერატიულ ავტომანქანებს; მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მივლინებები; 20%-ით შემცირდეს ე.წ წარმომადგენლობითი ხარჯი და სასწავლო შვებულებები გამოყენებული იყოს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა რეკომენდაციას აძლევს ადგილობრივ თვითმმართველობებს და სხვა უწყებებს, რომლებიც მთავრობას არ ექვემდებარებიან, რომ მათაც გაითვალისწინონ ეს მითითებები.
ხადურმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მოგროვდება ინფორმაცია ხარჯების დაგეგმილი შემცირებების თაობაზე, შესაძლებელი გახდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადახედვაზე მუშაობის დაწყება, „თუ, ცხადია, ამის საჭიროება იქნება“.
ხარჯების შემცირება, მისი თქმით, არ შეეხება ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს.
ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 5 მარტს, რომ მთავრობა არ აპირებს გადასახადების გაზრდას და ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით შეზღუდავს.