Site icon Civil.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ‘სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტული გეგმის’ წარდგენისკენ მოუწოდებს

მას შემდეგ, რაც დაირღვა პირობა იმის შესახებ, რომ „სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა“ 5 მარტისთვის იქნებოდა წარმოდგენილი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს პროცესში მონაწილე ყველა მხარეს, რომ ამგვარი გეგმა წარმოადგინონ, განაცხადა პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა 6 მარტს.

გასულ კვირას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან გიორგი კვირიკაშვილთან და ნოდარ ხადურთან გამართა შეხვედრა, რომელზეც, პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, „მოწვევის მიუხედავად, გაურკვეველ მიზეზთა გამო არ იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“ გიორგი ქადაგიძე.

„შეხვედრის შედეგად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტს და საზოგადოებას დაპირდნენ, რომ 5 მარტს წარმოადგენდნენ  სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით“, – განაცხადა პარასკევს პრეზიდენტის მრჩეველმა.

„სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის“, – განაგრძო მან,  „შესაბამისად, ჩვენ გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება წარმოდგენილ იქნას სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა“.

პრეზიდენტი მრჩეველმა განაცხადა, რომ „ამ შემთხვევაში კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის“, თუმცა ასევე გააფრთხილა, რომ არსებული მოცემულობის შენარჩუნების პირობებში, თუ კვლავ დადგება პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი, „ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას“.

„ამ შემთხვევაში ჩვენ ველოდებით იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება აღნიშნული საკითხი [რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე] დააყენონ“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იმ მოტივით, რომ მთავრობას 5 მარტამდე უნდა მისცემოდა ვადა გეგმის წარმოდგენისათვის, 25 თებერვალს უარი უთხრა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნის საპასუხოდ.

ეს საკითხი ნაციონალურმა მოძრაობამ ლარის კურსის გაუფასურების ფონზე 24 თებერვალს დააყენა, რათა პარლამენტში მისულიყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „კრიზისული“ ვითარებიდან გამოსავლის გზებზე „სერიოზულად ემსჯელათ“. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნას ასევე შეუერთდა კიდევ ერთი ოპოზიციური ჯგუფი პარლამენტში, ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა არ გამოსცა განკარგულება რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, პარლამენტი, არსებული წესის თანახმად, 28 თებერვალს ქუთაისში მაინც შეიკრიბა, თუმცა რიგგარეშე სხდომა ვერ შედგა ქართული ოცნების დეპუტატების უმრავლესობის ბოიკოტის გამო. კვორუმის უქონლობის გამო ჩაშლილი სხდომის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ 21 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია დააანონსა, რათა მთავრობის გადადგომა მოითხოვოს.

ლარის გაუფასურებამ პიკს 26 თებერვალს მიაღწია, როდესაც ერთი დოლარი 2.2635 ლარი ღირდა. მას შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო და კურსი 2.1078-მდე ჩამოვიდა, თუმცა 5 მარტის შემდეგ, დაახლოებით, 6-7 თეთრით ლარი კვლავ გაუფასურდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)