Site icon Civil.ge

ნაციონალური მოძრაობა ხელმეორედ ითხოვს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ეკონომიკაზე მსჯელობის მიზნით

ნაციონალურმა მოძრაობამ კიდეც ერთხელ მიმართა პრეზიდენტ მარგველაშვილს ეკონომიკური ვითარების განხილვის მიზნით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, რათა დებატებში მთავრობის წევრებმაც მიიღონ მონაწილეობა. 

ნაციონალურმა მოძრაობამ მას შემდეგ მიმართა პრეზიდენტს ხელმეორე თხოვნით, რაც გასულ კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო დათქმული ვადისთვის, 5 მარტისთვის „სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა“ წარმოედგინა ეკონომიკის შენელების ფონზე. მთავრობამ, რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას აპირებს საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის შეზღუდვის მიზნით იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური ზრდის 5%–დან 2%–მდე შემცირება იგეგმება, 5 მარტს დაავალა სახელმწიფო უწყებებს, რომ 16 მარტამდე ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გეგმები წარმოადგინონ.

როდესაც გასული თვის ბოლოს ნაციონალურმა მოძრაობამ პირველად მიმართა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა ეს თხოვნა; მარგველაშვილმა ამის მიზეზად მთავრობისთვის მეტი დროის მიცემის საჭიროება დაასახელა, სულ ცოტა 5 მარტამდე, დეტალური გეგმის წარსადგენად. 28 თებერვალს პარლამენტი ქუთაისში მაინც შეიკრიბა, თუმცა რიგგარეშე სხდომა ვერ შედგა ქართული ოცნების დეპუტატების უმრავლესობის ბოიკოტის გამო. კვორუმის უქონლობის გამო ჩაშლილი სხდომის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ 21 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია დააანონსა, რათა მთავრობის გადადგომა მოითხოვოს.

რიგგარეშე სხდომის გამართვას ასევე ემხრობა კიდევ ერთი ოპოზიციური ჯგუფი პარლამენტში, „თავისუფალი დემოკრატები“, რომლის ლიდერის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიაა.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ პარლამენტის დარბაზი დემაგოგიის არენად გადააქციოს. „პიარისთვის და დემაგოგიისთვის ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო თავგადადებული და ეს ამ პოლიტიკის გაგრძელებაა“, – განაცხადა მან.  ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ დებატები და პოლიტიკური განცხადებები ლარის გამყარებას ვერ დაეხმარება.

ასევე ქართული ოცნების დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ პარასკევს პარლამენტში იგეგმება საკომიტეტო მოსმენის მოწყობა, სადაც იქნებიან მოწვეული ეკონომიკური და ფინანსური დარგის მესვეურები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მათ შორის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც“, რაც, მისი თქმით, „ამ ეტაპზე ყველაზე სწორი ფორმატია“.