Site icon Civil.ge

ირანის საელჩო საქართველოს იუსტიციის მინისტრს ‘გაუაზრებელი’ განცხადების გამო აკრიტიკებს

ირანის საელჩომ თბილისში 9 მარტს წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმ „არაკვალიფიციური და გაუაზრებელი“ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელზეც შეშფოთება გამოთქვა ასევე  ზოგიერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ და მას „ქსენოფობიური“ უწოდა.

იუსტიციის სამინისტრომ უპასუხა, რომ ირანის საელჩოს შეფასებები „სამწუხაროა“.

აღნიშნული განცხადება წულუკიანმა 18 თებერვალს გააკეთა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, სადაც ის სავიზო და მიგრაციის იმ რეფორმას იცავდა, რომლის ფარგლებშიც  შარშან ხელისუფლებამ  რეგულაციები გაამკაცრა იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მათი ევროკავშირთან საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა.

„ყველა ბედნიერი მასშტაბული რეფორმით ვერ არის“, – განაცხადა წულუკიანმა,  „ვერ არის, მაგალითად, ბედნიერი ტურიზმის სააგენტო… 1 სექტემბერს, როდესაც ეს რეფორმა შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, 2014 წელს, ჩვენი ტურისტული ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება – ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხომ შევავიწროვეთ [ეს რაოდენობა] და წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას. ყველაფერი ერთ სამიტზე ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გაიხსნას და ეს დაიწეროს შავით თეთრზე, რომ პერსპექტივა გაიხსნა. მერე ჩვენ შეგვიძლია, რომ უკვე დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ან ტურისტია, და რაც მთავარია, ინვესტორია“.

ამ განცხადების საპასუხოდ ირანის საელჩომ თბილისში განაცხადა: „ორიოდე გონივრული სიტყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ქ–ნ თეა წულუკიანის არაკვალიფიციურ და გაუაზრებელ განცხადებასთან დაკავშირებით ირანელებისა და ირანის მოქალაქეების შესახებ“.
 „1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ირანი, რომელსაც სამიათასწლიანი ბრწყინვალე ცივილიზაციის ისტორია აქვს და გამორჩეული ადგილი ეკავა და უკავია მსოფლიოში, ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ირანი იყო ერთ–ერთი პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა და ბოლო 33 წლის განმავლობაში ყოველგვარი სირთულეებისა და გამოწვევების დროს საქართველოს უჭერდა მხარს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„2 – ისტორიის მანძილზე, ირანელებს, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. ამრიგად, ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად“, – აცხადებს ირანის საელჩო.

„ამასთან ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველომ 2013 წლის 1 ივლისიდან ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის, რასაც დაახლოებით ერთ წელიწადში მოყვა თბილისის მიერ მიგრაციის და სავიზო პოლიტიკის გამკაცრება. ეს ნაბიჯი  მაშინ ირანელმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს;  ეს საკითხი ირანის ხელისუფლებამაც წამოწია, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი 2015 წლის იანვარში თეირანს სტუმრობდა.

2013 წლის ივნისში,  როდესაც Wall Street Journal–ი საქართველოში ირანის მოქალაქეების მზარდი ბიზნეს საქმიანობების შესახებ იტყობინებოდა, ვარაუდობდა რა, რომ ზოგიერთი მათი ბიზნესი შესაძლოა სანქციების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენებოდა, იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით აკონტროლებდა ირანელების ბიზნეს საქმიანობას და „მკაცრ კონტროლს“ უწესებდა ირანის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებას; მან ასევე განაცხადა მაშინ, რომ აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის ახლო თანამშრომლობის შედეგად, ირანის ფიზიკური და იურიდიული პირების, დაახლოებით, 150 საბანკო ანგარიში გაყინულია.

ირანის საელჩოს მიერ იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით გამოთქმული შეფასებები,  იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, „სამწუხაროა“.

სამინისტრომ განაცხადა, რომ „გატარებულმა ცვლილებებმა, რომლებიც სრულიად ახალი წესების შემოღებას გულისხმობდა, ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის, ისევე როგორც ზოგიერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის პრაქტიკული უხერხულობები წარმოშვა“.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავის საჯარო გამოსვლაში სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არ არსებობს დიდი რეფორმა, რომელსაც თან არ ახლავს პირველ ეტაპზე სირთულეები. თითოეული ამ სირთულის გადასაჭრელად იუსტიციის მინისტრი პირადად მუშაობს თავის სხვა კოლეგასთან ერთად და ეს მუშაობა გაგრძელდება ყოველი ინდივიდუალური საკითხის მოგვარებამდე“, – განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ.

„იმავე საჯარო გამოსვლაში იუსტიციის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ახლა უკვე არსებობს წესები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა, ვინაიდან საიმიგრაციო პოლიტიკა საქართველოს არ ჰქონდა. ამ წესების და უკვე შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში კი გაიხსნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველომ ნელ-ნელა იფიქროს მკაცრი რეგულაციების შემსუბუქებაზე ფოკუსირებულად, რათა წაახალისოს ინვესტორები და არა მხოლოდ, მათ შორის ირანიდან, სირიიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთათვისაც სავიზო რეჟიმი იქნა შემოღებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სამწუხაროა, რომ იუსტიციის მინისტრის გამოსვლას, რომელიც საქმეზე და გამოსავლის პერსპექტივის ჩვენებაზე იყო ორიენტირებული, ამგვარი შეფასებები მოჰყვა ირანის საელჩოს მხრიდან. მიუხედავად ამისა, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ერთი მხრივ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებისათვის და მეორე მხრივ საქართველოს დიდი ხნის პარტნიორ და დიდი ცივილიზაციის მქონე ქვეყანასთან – ირანის სახელმწიფოსთან ირანელი ინვესტორების, ტურისტების, სტუდენტების თუ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებისათვის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

თეა წულუკიანის 18 თებერვლის განცხადება ასევე გააკრიტიკა ათმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, რომელთაც აღნიშნეს 6 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადება „ქსენოფობიური ხასიათისაა და აშკარად დისკრიმინაციულია მინისტრის მიერ დასახელებული ეთნიკური და რასობრივი იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ, რამდენადაც აიგივებს მათ საქართველოს არაკეთილმოსურნეებთან, რომლებიც არ უნდა დაიშვებოდნენ ქვეყანაში“.

„ამგვარი განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებთან და სრულ თანხვედრაშია იმ რიტორიკასთან, რომელსაც რადიკალური ჯგუფები ჩვენს საზოგადოებაში კულტივირებენ. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ასეთ პოპულისტურ ნარატივს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი ტირაჟირებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; მედიის განვითარების ფონდი; იდენტობა; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; კავშირი “საფარი”. 

„გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი ავრცელებს მცდარ წარმოდგენას, თითქოს ამგვარი დისკრიმინაციული მიდგომა – გარკვეული ქვეყნებისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ადამიანების ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვა – ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების საწინდარია, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ევროპის შესახებ უმართებულო და სტერეოტიპული წარმოდგენების გაღრმავებასაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)