საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 10 მარტს თბილისში ირანის ელჩს აბას ტალებიფარს შეხვდა.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ირანის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც წულუკიანი იმ „არაკვალიფიციური და გაუაზრებელი“ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელზეც შეშფოთება გამოთქვა ასევე ზოგიერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ და მას „ქსენოფობიური“ უწოდა. წერილობით განცხადებაში იუსტიციის სამინისტრომ უპასუხა, რომ ირანის საელჩოს შეფასებები, გამკაცრებულ სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციებზე წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, „სამწუხაროა“.
„დღეს შეხვედრაზე მე მოვიწვიე ბატონი ირანის ელჩი. ჩემი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ირანის საელჩოს გუშინდელი განცხადება; ამაზე, ალბათ, თავად საელჩო ისაუბრებს. შეხვედრაზე აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ორიგინალში განცხადება განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე ქართულად“, – განაცხადა მან დაკონკრეტების გარეშე. საელჩომ განცხადება ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.
„ჩვენი ინტერესის მთავარი საგანი დღეს იყო ის ორასამდე შრომითი ბინადრობა, რომლებიც გაიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ ირანის მოქალაქეებზე 1-ლი სექტემბრიდან [როდესაც ძალაში შევიდა გამკაცრებული სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციები], 40-მდე სტუდენტზე; 61 ოჯახი გაერთიანდა და 2600-ზე მეტი ვიზა გასცა 1-ლი სექტემბრიდან ირანის მოქალაქეებზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ“, – განაცხადა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.
„ეს მუშაობა გაგრძელდება, რადგან ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა დგას ყველაფერზე მაღლა“, – დასძინა მან.
ირანის საელჩოს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.