Site icon Civil.ge

ბურჯანაძე აშშ–ს აკრიტიკებს ‘საქართველოს სუვერენიტეტის შეურაცხყოფის’ გამო

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ამერიკის შეერთებული შტატები „საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა შეურაცხყოფაში“ დაადანაშაულა და საქართველოს ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან რეაგირება არ მოახდინა ძებნილი ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლაზე.

„ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი სახელმწიფოსი, ეს არის გაგრძელება იმ შეურაცხყოფათა ციკლისა, რომლის საუკეთესო მაგალითი იყო თუნდაც ევროკავშირში ხელშეკრულების რატიფიცირების დროს ძებნილი პრეზიდენტის მთავარ სტუმრად მიწვევა“, – განაცხადა მან 10 მარტს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის და რეფორმების საკითხებში უკრაინის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში, სააკაშვილი 4 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტში გამოვიდა მოხსენებით „აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის აგრესიის შესახებ“ მოსმენის ფარგლებში.

„რას ნიშნავს განცხადებები, რომელსაც დასავლეთის სახელმწიფოები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკა პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს? საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს იმას, რომ პატივი უნდა სცე ქვეყანაში არსებულ ხელისუფლებას, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მის მიერ ძებნილი პირი არ უნდა მიიღო ოფიციალურ წარმომადგენლად შენი ქვეყნის უმაღლეს ორგანოებში,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„მე მაინტერესებს რა რეაქცია ექნებოდა აშშ-ს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში [უკრაინის ექს–პრეზიდენტი ვიქტორ] იანუკოვიჩი რომ მოეწვიათ. იანუკოვიჩს ნამდვილად პატივს არ ვცემ, მაგრამ სააკაშვილი იანუკოვიჩზე არაფრით უკეთესი არ არის. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ სააკაშვილი ლანძღავს რუსეთს და ვითომდა პროდასავლური დროშა უჭირავს ხელში. რა ხდება მეგობრებო, თუ რუსეთს ლანძღავ და ვითომ დასავლელი ხარ და დასავლეთის ფასეულობებს ვითომ პატივს სცემ, ყველაფერი გეპატიება? შეიძლება ერთის მხრივ, აკეთო განცხადება, რომ სუვერენიტეტს პატივს სცემ და მეორე მხრივ, ძებნილი პიროვნება შენი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაპატიჟო?“, – განაცხადა მან.

„მინდა მივმართო აშშ-ს ელჩს და ვუთხრა, ბატონო ელჩო, მსგავსი ქმედება ნამდვილად ვერ იქნება აღქმული როგორც მეგობრული ჟესტი ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, დამოკიდებულება და განწყობა ამერიკის მიმართ კიდევ უფრო ნეგატიურად შეიცვლება საქართველოს მოსახლეობაში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, არ გაუკვირდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით „პროტესტი“ არ გამოთქვა.
 
„რა თქმა უნდა, ისინი ამას ვერ გაბედავენ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ისინი აშშ-ს უყურებენ არა როგორც თანასწორ პარტნიორს, არამედ როგორც პატრონს, რომელსაც ყურმოჭრილად უნდა ემსახურო. ეს არ შედის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)