Site icon Civil.ge

ლავროვი: ვმო-ზე საქართველო-რუსეთის 2011 წლის შეთანხმება ‘არ ფარავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს’

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 11 მარტს, რომ შვეიცარიის შუამავლობით 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მონიტორინგს ითვალისწინებს, „არ შელახავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუს“, ვინაიდან ეს შეთანხმება „ამ ტერიტორიებს არ ფარავს“.

საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

„აფხაზეთს არაფერი აქვს საერთო ამასთან“, – განაცხადა ლავროვმა, როდესაც მას სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიალაჩესლავ ჩირიკბასთან ერთად მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუ როგორ იმოქმედებდა ეს შეთანხმება მოსკოვის ურთიერთობებზე სოხუმთან.

„ეს შეთანხმება არ ლახავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, როგორც ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსს და არ შეიცავს რაიმე ვალდებულებებს არც სოხუმისთვის და არც ცხინვალისთვის; კერძო შვეიცარული კომპანიის მუშაობა, რომელიც გარკვეული საბაჟო საკითხების ადმინისტრირების მიზნით იქნა მოწვეული, არ მოიცავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს. ის მხოლოდ რუსეთის და საქართველოს ტერიტორიებს მოიცავს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საზღვრებში“, – განაცხადა ლავროვმა.

„ახლა არსებობს სურვილი, რომ ეს შეთანხმება ამოქმედდეს და ასევე ამუშავდეს კერძო შვეიცარული კომპანია, რომელიც ასევე ჩაერთვება სავაჭრო მონაცემების აუდიტში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, „ჩვენ ასევე ყურადღებით დავაკვირდებით, რომ მკაცრად იყოს დაცული ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ შეთანხმებას“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა შეთანხმების განხორციელების დაწყებაზე თებერვლის ბოლოს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმება ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას – ასეთ კომპანიად SGS შეირჩა – სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი სეპარატისტულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე. საქართველოს მომლაპარაკებლები იმ დროს აცხადებდნენ, რომ ის პუნქტი, რომელიც ერთიან „სავაჭრო რეჟიმს“ აწესებდა როგორც სეპარატისტულ რეგიონებში, ისე საქართველოს არასადავო ნაწილში მდებარე სამივე მონაკვეთზე, თბილისისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. კერძო კომპანიის წარმომადგენლები ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით თითოეული დერეფნის თავში და ბოლოში განთავსდებიან ისე, რომ მათი განლაგება არ მოხდება უშუალოდ სეპარატისტულ რეგიონებში.

შეთანხმების თანახმად, საქართველომ და რუსეთმა საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის მექანიზმს უნდა მიაწოდონ მონაცემები ყველა იმ საქონლის შესახებ, რომელიც შედის ან გამოდის სავაჭრო დერეფნებიდან.

საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის მექანიზმი ორ ძირითად კომპონენტს აერთიანებს – ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (Electronic Data Exchange System, EDES) და საერთაშორისო მონიტორინგის სისტემას (International Monitoring System, IMS).

ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით რუსი და ქართველი მებაჟეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას მიაწვდიან ინფორმაციას ”ყველა საბაჟო და სავაჭრო ოპერაციის შესახებ.”

ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის (EDES) შემადგენელი კომპონენტი იქნება ტვირთის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიწოდების ფუნქცია (advanced cargo information). ეს არის სპეციალურად შექმნილი ვებ პლატფორმა, სადაც მოხდება გადასაზიდი ტვირთის შესახებ ინფორმაციის წინასწარ თავმოყრა, რაც კერძო კომპანიას რისკის მართვის პროცესს გაუადვილებს. ანუ ამ ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელზეც წვდომა კერძო კომპანიას ექნება, ინფორმაცია თავს მოიყრის მანამ, სანამ ტვირთი სავაჭრო დერეფნის პლატფორმაზე გამოჩნდება.

საერთაშორისო მონიტორინგის სისტემის ერთ–ერთი ელემენტია „თითოეულ სავაჭრო ტვირთზე,  რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით, ელექტრონული ბეჭდის“ დასმა და ამ ტვირთებზე GPS/GPRS მიკვლევადობის სისტემის გამოყენება.   

იმავე კითხვაზე პასუხის გაცემისას სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შეთანხმება „არ არის პირდაპირ კავშირში აფხაზეთთან“. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე „კერძო კომპანიის“ წარმომადგენლები არ იქნებიან განთავსებულნი.

„ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვაზე ეს უარყოფით გავლენას არ მოახდენს. ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ჩვენს რუს კოლეგებთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის უფლებების შელახვას ადგილი არ ექნება“, – განაცხადა ჩირიკბამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)