Site icon Civil.ge

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გალში ენგურჰესის თაობაზე აფხაზეთის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გასულ კვირას გალში სეპარატისტული აფხაზეთის ენერგეტიკის და ტრანსპორტის მინისტრს, ვიცე-პრემიერს ვიქტორ ხილჩევსკის შეხვდა და ენგურჰესზე მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები განიხილა, განაცხადეს ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა.

რეგიონში უმსხვილესი, 1300 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე  ჰიდროელექტროსადგურის, ენგურჰესის გენერატორები ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზეთის მხარესაა განთავსებული, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხოლო მისი თაღოვანი კაშხალი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს.

ინფორმაცია 6 მარტს გამართული შეხვედრის შესახებ პირველად „აფსნიპრესმა“ გაავრცელა 11 მარტს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული.

აფხაზეთის ენერგოკომპანიის „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელზე, ასლან ბასარიაზე დაყრდნობით „აფსნიპრესი“ იტყობინებოდა, რომ შეხვედრა „კონსტრუქციულად წარიმართა საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე“.

„ორმხრივი კონსულტაციები გაგრძელდება“, – დასძინა ბასარიამ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ დაადასტურა, რომ იგი აფხაზური მხარის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ ეს მხარეებს შორის წლების მანძილზე არსებული „ძალიან კარგი თანამშრომლობის“  ფარგლებში მოხდა.

„შეხვედრას რაც შეეხება, 6 მარტს გაიმართა. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ენერგეტიკული მიმართულებით, ეს წლებია დამყარებულია ეს კარგი ურთიერთობა, ახლაც გრძელდება და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს თბილისში 12 მარტს.

„ჩვენ მოვინახულეთ აგრეგატები. ვიცით, რომ ჰიდროელექტროსადგურის  ენგურის აგრეგატები არის განთავსებული საბერიოში“, – განაცხადა კალაძემ, „იცით, რომ იქ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვარდნილის ჰიდროელექტრო სადგურებზე, არხის გაწმენდითი სამუშაოები. 2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას, ეს ძალიან მაშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი და ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებელი იქნება თვითონ ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამდენიმე თვით“.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მიიღეს მონაწილეობა აფხაზმა დეპუტატმა ახრა ბჟანიამ და გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს თან ახლდა მისი ორი მოადგილე, ილია ელოშვილი და მარიამ ვალიშვილი, ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელი, სულხან ზუმბურიძე.

მანამდე ენგურჰესის საკითხმა ქართულ და აფხაზურ მედიაში იანვრის შუა რიცხვებში წამოიწია, როდესაც ასლან ბასარიამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჰესის „კუთვნილების“ საკითხზე. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია.