Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი ოპოზიციას და მედიას მოუწოდებს შეწყვიტონ „ქაოსის“ შექმნა ქვეყანაში

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას და მედიას მოუწოდა არსებული ეკონომიკური სირთულეების ირგვლივ შეწყვიტონ „ქაოსის“ შექმნა ქვეყანაში, რადგან "ეკონომიკას სჭირდება მშვიდი გარემო, რეალური ქმედება და არა აჟიოტაჟი და გაუგებარი ყვირილი".

„მოსახლეობას არ ჭირდება ყვირილის მოსმენა“, – განუცხადა მან 13 მარტს ჟურნალისტებს, „მოსახლეობას სჭირდება გაიგოს, თუ რას აკეთებს მთავრობა. ამიტომ  მოგიწოდებთ ყველას არა მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს, არამედ თქვენც, ჟურნალისტებს, რომლებიც ჩართულები ხართ ამ ქაოსში და ქმნით რეალურ ქაოსს ქვეყანაში, [შეწყდეს აჟიოტაჟი] ეს არის ჩემი მოწოდება. და მე გთხოვთ, რომ ვინც ხართ დაინტერესებული რეალურად გაიგოთ, თუ რას აკეთებს მთავრობა ამ სიტუაციიდან გამოსვლის კუთხით, თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოთ".

ის მიესალმა 12 მარტს პარლამენტში „ძალიან ცივილურ ფორმებში“ გამართულ საკომიტეტო მოსმენას, სადაც ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებმა დეპუტატებს გააცნეს „ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან“, რომელიც მისი თქმით, განპირობებულია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული „რთული ვითარებით“ და საქართველო აქედან გამონაკლისი ვერ იქნება, ვინაიდან  „მიერთებული ვართ მსოფლიო ეკონომიკასთან“.

მან ასევე „აბსოლუტურად გაუგაბარი“  უწოდა ოპოზიციის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას ორჯერ, რაც ქართული ოცნების უმრავლესობის ბოიკოტის გამო ორივეჯერ ჩაიშალა.  

„ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ოპოზიციის მისამართით, „ისინი არ არიან დაინტერესებულები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ბედით, მათი პრობლემებით. მათი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო დაძაბონ არსებული ვითარება ქვეყანაში“. 

„თუ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული ხალხის მდგომარეობით, თუ ისინი რეალურად განიცდიან იმ ყოფას, რომელიც არის საქართველოში, წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს, მინდა მათ მივმართო, რომ შეწყვიტონ აჟიოტაჟი“, – დასძინა მან.