Site icon Civil.ge

უგულავას ბრალი დაუმძიმდა და წინასწარი პატიმრობა გაუგრძელდა

კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისის ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ აღძრულ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც  2007 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების სავარაუდოდ უკანონო ჩამორთმევას უკავშირდება,  წინა დღით მას ბრალდება დაუმძიმდა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა 2014 წლის ივლისიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში სხვა საქმეზე, რომელიც ფულის გათეთრების ბრალდებებს მოიცავს. ამ საქმეზე ცხრა თვე, რაც წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადაა, აპრილის დასაწყისში იწურება, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უგულავა აპრილის დასაწყისში არ გათავისუფლდება.

უგულავას ადვოკატი, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები ვარაუდობდნენ, რომ პროკურატურა სწორედ ამ მეთოდს გამოიყენებდა იმისათვის, რომ უგულავა პატიმრობაში დაეტოვებინა.

ანალოგიური ტაქტიკა გამოიყენა პროკურატურამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგაც, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააკავეს და მისი წინასწარი პატიმრობა რამდენჯერმე გახანგრძლივდა ახალი ბრალდებების დამატების გზით, სანამ 2014 წლის ოქტომბერში მას 7.5-წლიან პატიმრობას მიუსჯიდნენ.   

15 მარტს სასამართლო მოსმენაზე უგულავამ განაცხადა, რომ განაჩენის გამოტანის გარეშე მისი გისოსებს მიღმა ცხრა თვეზე მეტი ხნით დატოვება არაკონსტიტუციურია. „ეს კონსტიტუციის გაუპატიურებაა“,  განაცხადა მან თავის სიტყვაში, რომლის დასრულების შემდეგაც სასამართლო დარბაზიდან პროტესტის ნიშნად გაყვანა მოითხოვა; მისმა მხარდამჭერებმა ასევე დემონსტაციულად დატოვეს დარბაზი, რომლის დროსაც ზოგიერთი მათგანი სასამართლოს და პროკურატურას შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართავდა.

სასამართლო მოსმენის დროს უგულავას ადვოკატი ამაოდ ეცადა, რომ საქმის განხილვიდან აეცილებინა მოსამართლე ჯემალ კოპალიანი იმ მოტივით, რომ მისი მიუკერძოებლობა ვერ იქნებოდა დაცული, რადგან მისი ორი შვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობს.

სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის ახალი ვადის ათვლაზე გამოტანილ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც „შეშფოთება“ გამოთქვა და აღნიშნა, რომ უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალდებები „წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს“.

9 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარემ, მანფრედ ვებერმა განაცხადა, რომ „ახალი ბრალდებების წაყენება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ, რაც მხოლოდ მის პატიმრობაში დატოვებას ისახავს მიზნად, განხილული იქნება როგორც მტკიცებულება პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და დესტრუქციული იქნება საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის“. 

უგულავასთან ერთად, პროკურატურამ ბრალდებები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს დაუზუსტა, ხოლო თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს დაუმძიმა იმავე საქმეზე, რომელიც 2007 წლის მოვლენებს უკავშირდება, მათ შორის 7 ნოემბერს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციის დარბევას და იმ დროს პატარკაციშვილის მფლობელობაში არსებული ქონების, მათ შორის ტელეკომპანია “იმედის“ დარბევას და ჩამორთმევას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)