საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში, რომელიც მიმდინარე სასესიო კვირას იგეგმებოდა, ორი კვირით გადაიდო, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
„დღეს დილით შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან და ამ საუბრის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში შედგება ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს. თარიღი ბატონმა პრეზიდენტმა შემოგვთავაზა და მე მივეცი მას წინასწარი თანხმობა“, – განუცხადა უსუფაშვილმა 16 მარტს დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე, "შესაბამისად, ამ კვირის განმავლობაში, ეს საკითხი აღარ გვექნება დღის წესრიგში“.
მისი თქმით, მოგვიანებით დაზუსტდება სხვა დეტალები, სავარაუდოდ, იმის თაობაზე თუ რა ფორმატით გაიმართება დებატები პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ.
პარლამენტის ოპოზიციური ჯგუფები ტრადიციული დებატების გამართვას ითხოვენ, თუმცა ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ამგვარ დებატებს საჭიროდ არ მიიჩნევს. თავად პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს დებატებისთვის, თუმცა აცხადებს, რომ ფორმატი პარლამენტის გადასაწყვეტია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)