არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი გმობს დოკუმენტური ფილმის „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ სამეგრელოს ოთხ ქალაქში 13-15 მარტს მუნიციპალურ დარბაზებში მოწყობილ ჩვენებებს არასრულწლოვანი მოსწავლეების თანდასწრებით, როგორც "ბავშვთა უფლებების შელახვისკენ მიმართულ უკანონო ქმედებას".
16 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და დაცვის ცენტრი აღნიშნავენ, რომ ფილმის ჩვენებასთან ერთად, რისი ორგანიზატორიც იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძე, ეწყობოდა ასევე ფილმში ასახული კადრების ფოტო გამოფენა, რომელთა მიმდინარეობისას „ღიად ხდებოდა აგიტაცია ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად“.
ფილმში თავმოყრილია ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში ყოფნის პერიოდში მომხდარი ისტორიები მკვლელობებზე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ პირებზე, პოლიციის მიერ ძალადობრივად დაშლილ საპროტესტო აქციებზე, უკანონო პატიმრებზე, საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე და ციხეებში მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურებისა და წამების ფაქტებზე.
იმასთან ერთად, რომ „აღმაშფოთებელია“ წამებისა და ძალადობის ამსახველი ფილმის ამ სახით გავრცელება, ხუთი უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დაირღვა ბავშვთა უფლებების კონვენცია, ვინაიდან „მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ვერ შეძლო ბავშვების დაცვა ამგვარი მავნე ზეგავლენისგან“.
განცხადების თანახმად, ფილმის ჩვენების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი რესურსცენტრები და ასევე საჯარო სკოლების ადმინისტრაციები.
„ადამიანებით, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანებით მსგავსი მანიპულირებით, საზოგადოებაში დამატებითი აგრესიის დანერგვით, სიძულვილის ტირაჟირებით შეუძლებელია ქვეყნისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარება. თითოეულ პოლიტიკურ ძალას უნდა ახსოვდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. სწორედ ეს უნდა იყოს მათი მამოძრავებელი ძალა და არა ვიწრო პარტიული ინტერესები, რომლებიც მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი და ადამიანის უფლებათა დარღვევის ხარჯზე, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ წინასაარჩევნოდ საკუთარი პოზიციების გამყარებას ემსახურება“, – ნათქვამია ხუთი უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ კოალიცია ქართულ ოცნებას, რომ „საჯაროდ გაემიჯნოს მსგავს კამპანიებს და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის სამართლიანი მეთოდები გამოიყენოს“.
მათ ასევე მოუწოდეს განათლების სამინისტროს მომხდარის „დაუყოვნებლივ მოკვლევისაკენ“, რათა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის კონკრეტული პედაგოგებისა და დირექტორებისთვის პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვის სახით, რომლებიც ჩართულები იყვნენ „ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტებში“.
განათლების სამინისტრომ 16 მარტს, საკითხის გახმაურების შემდეგ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპექტირება, "ინტენსიურად მუშაობს" იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდნენ ბავშვები ფილმის ჩვენებაზე და თუ დადასტურდა, რომ ამ პროცესში რაიმე ფორმით უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, „უმოკლეს დროში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“.
„სამინისტრო მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა, რადგან სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და მის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა საჯარო უწყებისთვის სკოლის პოლიტიზაციის ნებისმიერი გამოვლინება, პრინციპულად მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვებისა და მოზარდების დაშვებას მათთვის შეუფერებელ, მძიმე შინაარსის ინფორმაციასთან“.
ამ საკითხს ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განაცხადა, რომ მართალია ის არ მიესალმება ბავშვების მიყვანას დარბაზებში, თუმცა ასევე ესმის იმ ადამიანების, რომელთაც სურთ წინა ხელისუფლებას „მიუზღონ იმ ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელსაც ადგილი ქონდა სამეგრელოში“.
„არ მივესალმები დაბალი კლასების მოსწავლეების მიყვანას დარბაზებში, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ მე როგორც ამიხსნეს, შესაძლოა ეს იყო პროვოკაცია, რაღაც თავისუფალი ზონის წარმომადგენლების მიყვანას ქონდა ადგილი, მაგრამ ამის მიუხედავად, მემგონი დღეს აღარ გვჭირდება ზედმეტი ემოციები, აღარ გვჭირდება აგრესია, აღარ გვჭირდება პროვოკაციები“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს სამცხე-ჯავახეთში, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციის შემდეგ.