Site icon Civil.ge

ევროკავშირი: მოსკოვის ხელშეკრულება ცხინვალთან ‘ეწინააღმდეგება სტაბილურობის გაძლიერების ძალისხმევას’

რუსეთსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც 18 მარტს იგეგმება, „კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება, რომელიც ეწინააღმდეგება რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერების კუთხით მიმდინარე ძალისხმევას“, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ 17 მარტს.

„ამას გარდა, დოკუმენტის ხელმოწერა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 31–ე რაუნდის დღეს ქმნის ისეთ ვითარებას, რომელიც არ უწყობს ხელს კონსტრუქციულ კლიმატს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში.

„რუსეთის ფედერაციას და საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი წინა ხელშეკრულებების მსგავსად, ეს ხელშეკრულება – რომელიც ზოგიერთ სფეროში უფლებამოსილების გადაცემასაც მოიცავს – მკაფიოდ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის ფედერაციის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და 2008 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული მისი განხორციელების ზომებს, და არანაირი სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნია“, – განაცხადა მოგერინიმ.

17 მარტს განცხადება ასევე გამოაქვეყნა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელშიც ის არ აღიარებს მოსკოვსა და ცხინვალს შორის დაგეგმილი ხელშეკრულების ლეგიტიმურობას და შეშფოთებას გამოთქვამს ხელმოწერის ჟენევის მოლაპარაკებებთან დამთხვევის გამო. 

საქართველოს, რუსეთის, აშშ–ის და ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები 18 მარტს აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის დისკუსიების 31–ე რაუნდზე იკრიბებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის დრო, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდს დაემთხვა, არის რუსეთის მცდელობა ძირი გამოუთხაროს მოლაპარაკებების ამ ფორმატს და „თავად ჟენევის მოლაპარაკებების და მათი თანათავმჯდომარეების გამიზნული შეურაცხყოფაა“. საქართველოს მთავარმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ამ პროვოკაციული ქმედებისა, ქართული დელეგაცია მზად არის კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებების ამ რაუნდში.

მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები  ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები არიან.

17 მარტს მათ რეგულარული ორმხრივი კონსულტაციები გამართეს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებთან.

 „ამ კონსულტაციებმა აჩვენა განსხვავებული შეხედულებები არსებულ სიტუაციაზე, მათ შორის მოსკოვსა და ცხინვალს შორის შეთანხმების დაგეგმილ ხელმოწერაზე, რომელიც ჟენევის დისკუსიების 31–ე რაუნდს ემთხვევა“, – ნათქვამია თანათავმჯდომარეების მიერ 17 მარტს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

„თანათავმჯდომარეები მიმართავენ ყველა მონაწილეს კონსტრუქციული სულისკვეთებით შეუერთდნენ ხვალინდელ დისკუსიებს“, – განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა, რომლებიც ჩვეულებრივ არ აქვეყნებენ ხოლმე განცხადებებს მოლაპარაკებების წინ.

თავის განცხადებაში მოგერინიმ მოუწოდა ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს, რომ ამ ფორმატში განაგრძონ ყველა იმ მოვლენის განხილვა, რაც უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე გავლენას ახდენს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)