Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა ლარის მხარდასაჭერად 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ 19 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა იმ ფონზე, როდესაც ხუთშაბათს ლარი კიდევ 1%–ით გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებაში.

ეს ეროვნული ბანკის უკვე მეოთხე ინტერვენციაა მას შემდეგ, რაც თებერვალში გამართულ სამ აუქციონზე მან 120 მილიონი აშშ დოლარი ეტაპობრივად გაყიდა.

ლარის გაუფასურებამ პიკს 26 თებერვალს მიაღწია, როდესაც ლარმა ნოემბრის დასაწყისიდან მოყოლებული თავისი ღირებულების 29% დაკარგა და მისმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 2.2635 შედგინა. 5 მარტისთვის ლარი 1 აშშ დოლარის მიმართ 2.1–მდე გამყარდა, თუმცა მას შემდეგ ისევ დაიწყო დაცემა და 19 მარტისთვის 2.223 შეადგინა, ნაცვლად ერთი დღით ადრე არსებული 2.2–ისა და ნოემბრის დასაწყისში, გაუფასურების დაწყებამდე არსებული 1.75–სა.

იანვარ–თებერვალში საქართველოს ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26%–ით შემცირდა და 324 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ხოლო იმპორტმა 2%–ით იკლო და 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები იანვარ–თებერვალში 22.4%–ით შემცირდა და 157.4 აშშ დოლარი შეადგინა.