Site icon Civil.ge

საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი როლანდ ახალაია უდანაშაულოდ სცნო

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი სამხარეო პროკურორი, როლანდ ახალაია, რომელსაც პროკურატურა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 მარტს უდანაშაულოდ სცნო.  

გასული წლის აპრილში წაყენებული ბრალის თანახმად, 2009 წელს პროკურორად მუშაობის პერიოდში როლანდ ახალაიამ საპროცესო გარიგების სანაცვლოდ ორი ბრალდებულის ოჯახს „უკანონოდ მოთხოვა“ ერთ შემთხვევაში 150 000 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში 60 000 ლარის მისი ახლობელი ბიზნესმენის კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა, რაც განხორციელდა და ეს თანხები სრულად იქნა გახარჯული კომპანიის კომერციული მიზნებისათვის.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ „დაზარალებული“ თავის ჩვენებაში ამბობდა, რომ ის თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს, რადგან „მაშინაც და დღესაც მადლობას უხდიდა როლანდს“, რომელსაც მისთვის არაფერი მოუთხოვია და თანხები თავისი სურვილით გადარიცხა. მოსამართლის განმარტებით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ სახელმწიფოს ინტერესი არსებითად დაირღვა.

როლანდ ახალაია, რომელიც თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მის წინაამდეგ აღძრულ საქმეს „პოლიტიკური დევნას“ უწოდებს, მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ბრალდების მხარემ სასამართლოს გადაწყვეტილებას „გაუგებარი“ უწოდა და განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს მას.