Site icon Civil.ge

ქართულ ოცნებას მრეწველთა ლიდერების ‘ანტიდასავლურ განცხადებებზე’ რეაგირებისკენ არასამთავრობოები მოუწოდებენ

მმართველი კოალიციის წევრი პარტია მრეწველების ლიდერები, დეპუტატები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკის სამიზნე გახდნენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო, რაც ქართული ოცნებიდან მათი პარტნიორების თქმით, მრეწველების კერძო მოსაზრებაა და არ გამოხატავს მმართველი კოალიციის საერთო პოზიციას.

ბოლო დროს გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუებში და ასევე ტელეარხებისთვის მიცემულ კომენტარებში გოგი თოფაძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ნატო საქართველოს გეზი არ უნდა იყოს. ეს მისი საყოველთაოდ ცნობილი დიდი ხნის პოზიციაა, რომელიც მას მაშინაც გააჩნდა, როცა 2012 წლის არჩევნების წინ ქართული ოცნების კოალიციას შეუერთდა, მართალია ის საგარეო კურსთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებს აქტიურად აღარ აკეთებდა, მაგრამ თავისი პოზიცია გამოხატა კენჭისყრების დროს, როცა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების გაგზავნის წინააღმდეგ მისცა ხმა.

თოფაძის ანტი-დასავლური რიტორიკის გააქტიურება ბოლო დროს აშკარად თვალშისაცემია და ის ერთის მხრივ, აკრიტიკებს საქართველოს ნატოში მისწრაფებებს, ხოლო მეორეს მხრივ, მოუწოდებს რუსეთში მოქმედი ისეთივე კანონების მიღებისკენ, რომელიც მკაცრ კონტროლს აწესებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე.

„მე ამას 20 წელია ვლაპარაკობ, რომ ნატო არ არის ერთადერთი  უალტერნატივო პერსპექტივა… არ მიგვიღეს და არც ახლა მიგვიღებენ და რატომ ვანგრევთ კარებს იქ, სადაც არ გველოდებიან და არ გვღებულობენ?“, – განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. მისივე თქმით, არ იცის რომელიმე ქვეყანა, რომელსაც ამ „აგრესიული სამხედრო ბლოკისგან“ უხეირია. 

„მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი და არავითარ სამხედრო ბლოკში არ იყოს. არცერთი სამხედრო ბლოკი არ არის გარანტი იმისა, რომ აღმოსავლეთით მუსულმანური სამყარო, ან ჩრდილოეთი და კიდევ რომელიმე სხვა, არ იყოს ჩვენი დამჩაგვრელი.  ნეიტრალური, დემოკრატიული გაძლიერებული საქართველო   – ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მრეწველთა პარტიას ამ საკითხში კოალიციის შიგნით კიდევ „ბევრი თანამოაზრე“ ჰყავს.

ერთ–ერთ საგაზეთო ინტერვიუში მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ „ძალიან დიდი დოზით ავიტეხეთ ეს დემოკრატიული მიდგომა“ და შეაქო ის ქვეყნები, რომელთაც „შეზღუდეს არასამთავრობოები და დაუბლოკეს ის საბანკო ანგარიშები, რომლებზეც უცხოეთიდან მოდის თანხები“. მისი თქმით, ეს საჭიროა, რათა არ მოხდეს ქვეყნისთვის „ძირის გამოთხრა“. „ასე გადააბრუნეს ძალიან ბევრი ქვეყანა ამერიკელებმა“,  – განაცხადა მან.

მრეწველების კიდევ ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ ის სრულად იზიარებს გოგი თოფაძის შეხედულებებს. 

20 მარტს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ონლაინ-პეტიციის ფორმა აქვს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მმართველი კოალიციის შემადგენელი ერთ-ერთი სუბიექტის ამგვარი რიტორიკა „ცალსახად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოსახლეობაში საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის მიმართ ნიჰილისტური განწყობებისა და ანტი-დასავლური დამოკიდებულების ღია და დაუფარავ დამკვიდრების მცდელობად“.

ახასიათებს რა თოფაძის გამონათქვამებს, როგორც რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების „იდენტურს“, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის აღნიშნული პოზიცია საფრთხის ქვეშ აყენებს ასევე საქართველოს და დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების სტრატეგიულ ურთიერთობის საკითხს“.

„მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების [მრეწველების] მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები ატარებს ქვეყნისთვის საგანგაშო და საზიანო ხასიათს, საზოგადოებაში აჩენს კითხვებს მმართველი პოლიტიკური ძალის საგარეო-პოლიტიკური და დემოკრატიული ორიენტირების შესახებ და იმსახურებს საზოგადოების მხრიდან შესაბამის რეაგირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნების წამომადგენლები და მთავრობის ზოგიერთი წევრი შეეცადნენ თოფაძის განცხადებების მნიშვნელობის დაკნინებას. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თოფაძე მთავრობის დღის წესრიგს არ ადგენს და მის პოზიციას არანაირი გავლენა არ აქვს ქვეყნის დასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსზე. ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერმა გია ვოლსკიმ, სხვა მისი თანაპარტიელების მსგავსად, განაცხადა, რომ თოფაძე თავის კერძო მოსაზრებებს გამოთქვამს, რომელიც მმართველი კოალიციის პოზიციას არ შეესაბამება; მისივე თქმით, „დრამატიზირება“ არ ღირს, თუმცა საკითხი ალბათ განიხილება კოალიციის პოლიტსაბჭოზე.

„მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ კოალიციურ და პოლიტიკურ საბჭოებს იმსჯელონ და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ "ქართული ოცნების" კოალიციური საბჭოს წევრების განცხადებებზე“, რადგან განმარტებები, რომ „ეს თითქოსდა ბატონების გოგი თოფაძის და ზურაბ ტყემალაძის პირადი მოსაზრებებია, ვერ იქნება გაზიარებული ქართული საზოგადოების იმ უმრავლესობის მიერ, ვინც ჯერ კიდევ წლების წინ დააფიქსირა დასავლური კურსისადმი საკუთარი მხარდაჭერა“.

იმ ჯგუფს შორის, რომლებიც ონლაინ პეტიცია წამოიწყეს, არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია; კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი; და კონსტიტუტიციის 42-ე მუხლი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)