საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5%-ზე შეინარჩუნა მას შემდეგ, რაც ის გასულ თვეში 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა.
წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 1.3% შეადგინა. 25 მარტს გამართული სხდომის შემდეგ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ფონზე მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის გარკვეული ზრდა მომდევნო თვეებში, მაგრამ საგარეო და საშინაო ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება შეამცირებს ინფლაციურ რისკებს საშუალოვადიანი პერიოდისთვის.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაცია 5%-ს ფარგლებში იქნება, თუმცა ეს პროგნოზი „მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს“.
ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონში საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოზე ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ტურისტების შემცირების კუთხით.
იანვარ–თებერვალში საქართველოს ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26%–ით შემცირდა და 324 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ხოლო იმპორტმა 2%–ით იკლო 1.1 მილიარდ აშშ დოლარამდე. დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 23%-ით შემცირდა, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 9%-ით გაიზარდა იანვარ-თებერვალში წინ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ფულადი გზავნილები იანვარ–თებერვალში 22.4%–ით შემცირდა და 157.4 აშშ დოლარი შეადგინა; ხოლო ტურისტების ოდენობამ წლის პირველ ორ თვეში 7.8%-ით იკლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკის 2%-იან ზრდას ელის, ნაცვლად თავდაპირველად პროგნოზირებული 5%-სა.