Site icon Civil.ge

ღარიბაშვილის თქმით, მისთვის მრეწველთა ანტიდასავლური განცხადებები „მიუღებელია“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიუღებელი“ უწოდა მმართველი კოალიციის წევრი პარტიის, მრეწველთა ლიდერების განცხადებებს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის წინააღმდეგ და იმედი გამოთქვა, რომ გოგი თოფაძე, მისი „პირადი“ მოსაზრების მიუხედავად, რაც  „არ წარმოადგენს კოალიციის აზრს“, ხელახლა დაადასტურებს ერთგულებას ევროატლანტიკური კურსის მიმართ.

ბოლო დროს გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუებში და ასევე ტელეარხებისთვის მიცემულ კომენტარებში გოგი თოფაძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ ნატო საქართველოს გეზი არ უნდა იყოს – ამ მოსაზრებას ასევე დაეთანხმა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ტყემალაძეც. ეს მრეწველთა ლიდერების საყოველთაოდ ცნობილი დიდი ხნის პოზიციაა, რომელიც მათ მაშინაც გააჩნდათ, როცა 2012 წლის არჩევნების წინ ქართული ოცნების კოალიციას შეუერთდნენ და ხელი მოაწერეს სადამფუძნებლო დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური არჩევანია. 

„მრეწველების პარტიამ, ისევე როგორც სხვა პარტიებმა, რომლებიც შედიან კოალიციაში, თავის დროზე ხელი მოაწერეს სადამფუძნებლო დოკუმენტს და ისინი, რა თქმა უნდა, სრულად იზიარებენ ოფიციალურად ჩვენს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 26 მარტს პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც ჰკითხეს, თუ რა პოზიცია ჰქონდა თოფაძის მოსაზრებების მიმართ.  

„მე, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ გოგი თოფაძის განცხადებებს. ეს მისი პირადი აზრია და ეს არ წარმოადგენს კოალიციის აზრს“,  – განაგრძო მან, „მე ვფიქრობ, რომ მისი კომენტარი არის ზედმეტად აჟიტირებული და მე არ გირჩევდით, რომ დიდი დრო დახარჯოთ ამ თემაზე, ვინაიდან ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის აბსოლუტურად ნათელი, ეს არის ღიად დეკლარირებული, საქართველოს პარლამენტის მიერ არის განსაზღვრული, გვაქვს ჩვენ სრული კონსენსუსი ამ საკითხთან მიმართებაში და საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეფექტიანად ამ კურსს“.

„იმედი მაქვს, რომ ბატონი გოგი და მრეწველების პარტია კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მათ აზრს, რომ ისინი იზიარებენ სრულად ჩვენ მიერ გაცხადებულ საგარეო პოლიტიკას“, – დასძინა მან.

შეკითხვაზე იქნებიან თუ არა მრეწველები ქართული ოცნების კოალიციაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა:  „ვნახოთ, არჩევნებამდე დიდი დროა“.    

მისივე თქმით, მართალია თოფაძის განცხადებები „მიუღებელია“, მაგრამ ამაში „რაღაც ტრაგიკული და განსაკუთრებული არაფერია“.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც ონლაინ-პეტიცია წამოიწყეს მრეწველთა ლიდერების განცხადებების გასაპროტესტებლად, განაცხადა, რომ „მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის პოზიცია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს და დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების სტრატეგიულ ურთიერთობის საკითხს“ და „ანტი-დასავლური დამოკიდებულების ღია და დაუფარავ დამკვიდრების მცდელობაა“,  რაზეც მმართველმა კოალიციამ „ადეკვატური რეაგირება“ უნდა მოახდინოს, რადგან მხოლოდ ის განმარტებები, რომ ეს მრეწველთა ლიედრების პირადი პოზიციაა, „ვერ იქნება გაზიარებული ქართული საზოგადოების იმ უმრავლესობის მიერ, ვინც ჯერ კიდევ წლების წინ დააფიქსირა დასავლური კურსისადმი საკუთარი მხარდაჭერა“.

აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით თებერვალში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა სტაბილურად მაღალი რჩება და ის 78%-ს შეადგენს; საწინააღმდეგო აზრს რესპოდენტთა 15% აფიქსირებს, 7%-ს კი ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)