Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე მედია გააკრიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 მარტს გამართულ ხანგრძლივ პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე გააკრიტიკა მედია საშუალებები და ჟურნალისტები, როგორც მან თქვა, რეალობის დამახინჯების და ქვეყანაში შექმნილი ვითარების „ქაოსად“ წარმოჩენის გამო.

მან პირველი ორმოცი წუთი თავისი ორსაათნახევრიანი პრესკონფერენციიდან მთავრობის მიერ განხორციელებულ „წარმატებულ“ პროექტებზე საუბარს დაუთმო, რომლებიც მოიცავს სფეროებს დაწყებული სოციალური საკითხებით, განათლებით და დამთავრებული სოფლის მეურნეობითა და ინფრასტრუქტურით.

„სამწუხაროდ, საზოგადოებამდე ვერ მიდის სათანადოდ ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ საქმეებს“, – განაცხადა მან.
 
მედიის შესახებ, ისევე როგორც სხვა საკითხებზე, მისი რიტორიკა ძირითადად უნისონში იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებთან, რომლის ორგანიზაციამ „2030“-მა დაიწყო სატელევიზიო პროექტი მისი შვილის, ბერას კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ზე, რათა, როგორც მან თქვა, საზოგადოებას დაეხმაროს „სწორად დაინახოს მოვლენები“. შეკითხვაზე უყურებს თუ არა ამ ყოველდღიურ პროგრამას, ღარიბაშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ვუყურებ, განსაკუთრებით კვირა დღეს“. კვირაობით გადაცემაში ბიძინა ივანიშვილი იღებს მონაწილეობს.  

პრესკონფერენციის დროს ღარიბაშვილმა იმის გამო დაიჩივლა, რომ მედია სათანადოდ არ აშუქებს მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით ასზე მეტი სოფლის მეურნეობის საწარმოს დაფინანსების თაობაზე. მან უთხრა ჟურნალისტებს, რომ ამ თემების იგნორირება იმის გამო ხდება, რომ „თქვენ ან თქვენს მფლობელებს არ გაინტერესებთ უბრალოდ რა ხდება ქვეყანაში“ და სანაცვლოდ, „აბსოლუტურად სხვა რეალობა გაქვთ შექმნილი მედიაში“. 

„თქვენ არა, ამ შემთხვევაში. მე ბოდიშს ვიხდი, რა თქმა უნდა, თქვენ კონკრეტულად არ გგულისხმობთ“, – მიმართა მან ჟურნალისტს, „მე ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დგანან ამ მედია საშუალებების უკან“. 

„ჩვენ ვართ ღია მთავრობა, ჩვენ არ გვეშინია ამ სიცრუის და ამ პროპაგანდის. ჩვენ ვართ გამონაკლისი მთელ მსოფლიოში, რომ არ გაგვაჩნია, არ ვაკონტროლებთ არცერთ ტელევიზიას  –  ეს არის, მე ვფიქრობ, უპრეცედენტო. არ არსებობს მძლავრი ალტერნატიული საშუალებები, რითაც მოსახლეობა გაიგებს რეალობას. ის განწყობები, რაც არის შექმნილი ქვეყანაში, ის განცდა, რაც ეუფლება ბიზნესმენს და ჩვეულებრივ მოქალაქეს, მეწარმეს, ბანკირს ან ნებისმიერ სხვას, არის რადიკალურად განსხვავებული არსებული რეალობისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ნახევარზე მეტი ჩვენი მოსახლეობის არის გაჭირვებული… ასეთი რთული გამოწვევების ფონზე თქვენ უბრალოდ გიყენებენ, როგორც ბრმა იარაღს, სამწუხაროდ; ქმნით აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას, რომელიც არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის“, – მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

„ყველა რეგიონში სადაც არ ჩავედი არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, ყველა ერთი და იგივეს მეუბნება, რომ ‘გააჩუმეთ ეს ტელევიზიები’; მე ვეუბნები, რომ ვერ გავაჩუმებ იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიის არსი, რომ მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი; მაგრამ მათი მოთხოვნაა, ხალხის დაკვეთაა, რომ ჩვენ მთავრობამ და ხელისუფლებამ გავაგებინოთ, თუ რას ვუკეთებთ მათ“.

„მე არ ვამბობ, რომ რაღაც სასწაულებს ვაკეთებთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვაკეთებთ კარგს; თუ ცუდს ვაკეთებთ, თუ შეცდომები მოგვდის, გვითხარით  და მზად ვართ ბოდიში მოვიხადოთ… მაგრამ ნუ დავამახინჯებთ სიმართლეს. თუმცა ამ მოწოდებას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ამ მოწოდებას არ გაითვალისწინებს არც სააკაშვილი და არც კიდევ ვიღაცეები… რომლებიც სააკაშვილის პოლიტიკას აგრძელებენ და ხელს უწყობენ“, – განაცხადა მან; ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კრიტიკის ხშირი ობიექტია მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრებისთვის, რომლებიც ამ არხს ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის „პროპაგანდისა და სიცრუის მანქანას“ უწოდებენ.

„მიუხედევად მათი  აგრესიული პროპაგანდისა და აგრესიული სიცრუის  კამპანიისა, რომ რაღაც ქაოსი შეიქმნას, ეს ყველაფერი არის დროებითი, ამ ყველაფერს მოევლება ძალიან მალე და მოსახლეობა გაიგებს ჩვენი პროაქტიურობით… თუ რას ვაკეთებთ ჩვენ მათთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გააპროტესტა მისი გამონათქვამი, რომ ჟურნალისტები „ბრმა იარაღი“ არიან, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „მე ყოველთვის მითქვამს, რომ შეიძლება არ მომწონდეს თვენი კრიტიკა, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენ გქონდეთ საშუალება, რომ გვაკრიტიკოთ რაც შეიძლება მეტი“.

როცა შიდა ქართლის რეგიონული ტელევიზიის ჟურნალისტმა უთხრა მას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გუბერნატორით უკმაყოფილოა, რადგან ის არ ხვდება ხალხს და ჰკითხა, თუ ვინ აკონტროლებს იმას, რომ გუბერნატორმა „აკეთოს საქმე და არა ბიზნესი“, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „ძალიან სასაცილოა რა. ესე იგი გუბერნატორი  იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ ზის კაბინეტში, აშენებს სახლს კაბინეტიდან გაუსვლელად, ბიზნესები აქვს, სასტუმროები აქვს. თქვენ ხართ ჟურნალისტი, მაგრამ თქვენ ყველაფრის უფლება არ გაქვთ, ის რომ ადამიანს ცილი დასწამოთ და ის, რომ ბრალდება წაუყენოთ უსაფუძვლო. თუ გაქვთ თქვენ ფაქტები, ძალიან გთხოვთ, რომ წარმოადგინოთ“.

„მე აქედანვე მოვუწოდებ შიდა ქართლის გუბერნატორს, რომ დღესვე გააკეთოს განმარტება ან უარყოს ან დაადასტუროს ეს ფაქტები“, – განაცხადა მან, „თუ არა, ამ შემთხვევაში, მე ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა გიჩივლოთ სასამართლოში და ბოდიში მოგახდევინოთ… ბრალს დებთ გუბერნატორს კორუფციაში; ნორმალურ სახელმწიფოში თქვენ გიჩივლებდნენ და აგიკრძალავდნენ საქმიანობას სასამართლოს ძალით“. 

პრესკონფერენციის ფარგლებში ეკონომიკურ სიტუაციაზე საუბრისას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება გამოწვეულია „საგარეო შოკებით“ და „ეს არ არის მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი“. მისი თქმით, მთავრობა ეფექტურად მუშაობს და მის შემადგენლობაში „ამ ეტაპზე რამე ცვლილებების არ იგეგმება“.

საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელ კვლევაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარდა და რომელმაც ქართული ოცნების მიმართ მხარდაჭერის შემცირება აჩვენა, პრემიერ-მინისტრმა, რომელიც იმავდროულად მმართველი კოალიციის ლიდერიც არის, განაცხადა, რომ ის რეიტინგებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს. „რეიტინგები უსაქმურების საქმეა“, – განაცხადა მან.

ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს პარტია გადაიქცა „სექტად“ და ყველაზე „დესტრუქციულ“ ძალას წარმოადგენს საქართველოში. მისი თქმით, 21 მარტს ნაციონალური მოძრაობის მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ორგანიზებული საპროტესტო აქცია „სასაცილო“ იყო.