Site icon Civil.ge

ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში საქართველოს შესახებ

საქართველომ „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწია გასულ წელს ადამიანის უფლებების სფეროში და „შესამჩნევი პროგრესი“ განიცადა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე, ნათქვამია ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას აფასებს.

ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიღწევებს 2014 წელს და იმ სფეროებზე მიუთითებს და გასცემს რეკომენდაციებს, სადაც შემდგომი ძალისხმევის მიმართვაა საჭირო, ევროკომისიამ 25 მარტს გამოაქვეყნა.

წინა ანგარიშის მსგავსად, ეს დოკუმენტიც მოუწოდებს საქართველოს, რომ უზრუნველყოს ძალაუფლების ადეკვატური განაწილება-კონტროლისა და ბალანსის სისტემის შემოღება საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში; გააუმჯობესოს პოლიტიკური კლიმატი იმით, რომ თავი არიდოს „პოლიტიკური ნიშნით სამაგიეროს გადახდას,  კონფრონტაციას და პოლარიზებას და უზრუნველყოს სივრცე ოპოზიციისთვის“;  უზრუნველყოს, რათა წინასწარი პატიმრობა „მხოლოდ გამონაკლისი ზომის სახით იქნეს გამოყენებული“; ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის სრულ დამოუკიდებლობას; და გაზარდოს სამართალდამცავი სტრუქტურების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა.

ანგარიში ასევე მოუწოდებს საქართველოს „აღკვეთოს უკანონო თვალთვალი და მიყურადება“ კანონმდებლობის გადასინჯვის გზით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე. იანვრის ბოლოს საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლის წინააღმდეგ, რომელიც შსს-ს უსაფრთხოების სტრუქტურებს საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირ წვდომას უნარჩუნებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ზოგადად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს“, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზაციით გამოირჩეოდა.

„სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების ძირითადი დარღვევები. მმართველი პარტიის მომხრეების მიერ ოპოზიციის ზოგიერთი თავშეყრის დაშლის გარდა, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაეცვა ოპოზიციის წარმომადგენლები დროდადრო მიტანილი ძალადობრივი იერიშისაგან და/ან ადეკვატურად გამოეძიებინა თავდასხმები პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტი ამბობს, რომ „ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების არარსებობამ, შესაძლოა, წარმოშვას სამწუხარო სიგნალი, რომ ხდება ამგვარი დარღვევების შეწყნარება“.

ანგარიშის მიხედვით, მედიის თავისუფლება „გაუმჯობესდა“ და მედია მფლობელობა უფრო გამჭირვალე გახდა. ამასთან, მედიაგარემო „უმჯობესდებოდა და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა, თუმცა უფრო პოლარიზებულიც“.

„ხელისუფლება პერიოდულად ამჟღავნებდა მტრულ დამოკიდებულებას მედიის მიერ ზოგიერთი საკითხის კრიტიკულად გაშუქების მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში.

სასამართლო სისტემასთან მიმართებაში, ანგარიში ამბობს, რომ მის „დამოუკიდებლობას არამყარი ხასიათი აქვს“.

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად მოსამართლეებს მიეცათ შესაძლებლობა, იყვნენ უფრო მეტად დამოუკიდებლები, თუმცა პრობლემას წარმოადგენს მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის არსებობა მათ უვადოდ დანიშვნამდე“, – ნათქვამია ანგარიშში.

„გახმაურებული საქმეების მონიტორინგს არ გამოუვლენია სამართალწარმოების დროს სათანადო პროცესის მნიშვნელოვანი დარღვევები. აღინიშნა, რომ ზოგადად მოსამართლეები უფრო მეტ გულმოდგინებას ამჟღავნებდნენ საქმის სხვადასხვა ეტაპზე მტკიცების აუცილებელი სტანდარტების უზრუნველყოფაში გახმაურებულ საქმეებში, ვიდრე ჩვეულებრივ საქმეებში“, – ამბობს დოკუმენტი.

ანგარიში აღნიშნავს წინსვლას, პენიტენციური სისტემის „ხარისხის გაუმჯობესებაში, კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით“ და ციხეებში სიკვდილიანობის შემცირებას „ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში არსებული მაჩვენებლის“ დონემდე. 

„თუმცა გრძელდებოდა ცუდად მოპყრობისა და ძალადობის სავარაუდო შემთხვევები, რაც აღნიშნა სახალხო დამცველის აპარატმა“, – ნათქვამია ანგარიშში.

მართალია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა მონიტორინგის მექანიზმი გაუმჯობესდა და საჩივრების დამუშავების პროცედურაც მოდერნიზებული იქნა, მაგრამ „სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩადენილი დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის არარსებობა 2014 წელსაც პრობლემად რჩებოდა“.

ანგარიში აღნიშნავს, რომ „მიუხედავად საზოგადოებაში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების და უარყოფითი განწყობისა“, პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.

თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ „ზოგადად უმცირესობათა უფლებების საკითხი მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა“.

„2012 წლის შემდეგ გაიზარდა რელიგიურ უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის შემთხვევათა რაოდენობა. რამდენიმე შემთხვევაში მუსლიმებს ხელს უშლიდნენ შეკრებაში და ლოცვაში. და თუმცა მაღალი თანამდებობის პირებმა, სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქვეყნოდ დაგმეს ეს ფაქტები, შესაბამისმა უწყებებმა არ მიიღეს საკმარისი ზომები მათი სათანადოდ გამოძიების ან დამნაშავეთა სამართალში მიცემის მიზნით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, ევროკომისიის ანგარიში აღნიშნავს, რომ ევროკავშირი რუსეთთან  ორმხრივი ურთიერთობებისას აფიქსირებდა პოზიციას, რომ „მოკავშირეობის“ შესახებ მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან  გაფორმებული შეთანხმებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო.

ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე ორმხრივმა დიალოგმა რუსეთთან „გამოიღო შედეგები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურის სფეროებში, რასაც ევროკავშირი მიესალმება“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო საანგარიშო პერიოდში განაგრძობდა სეპარატისტულ რეგიონებში ჩართულობის სტრატეგიის განხორციელებას და „გარკვეული, თუნდაც მცირედი, ნაბიჯების გადადგმას იმისათვის, რომ ეს სტრატეგია უფრო ეფექტიანი გახდეს“.

„მიმდინარე მცდელობებმა პოზიტიური შედეგები მოიტანა ჯანდაცვის მომსახურების და, ნაკლები მასშტაბით, განათლების შესაძლებლობათა უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – აცხადებს ევროკომისია.

„ევროკავშირი ასევე მიესალმება პოზიტიურ ცვლილებას სეპარატისტული რეგიონების მიმართ რიტორიკასა და ენაში. ეს მცდელობები ფართოდ იქნა აღიარებული“, – ნათქვამია ანგარიშში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)