საქართველოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის განხორციელების ტემპი „ძალიან კარგია“ და ალიანსიც და საქართველოს ხელისუფლებაც „სწრაფად“ მიიწევენ ამ პროცესში, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ.
ონლაინ კითხვა–პასუხის სესიის დროს, რომელსაც საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ უმასპინძლა, აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოს ექსპერტები ეხმარებიან საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში, ნატოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდაში დაეხმარება, უკვე შექმნილია და „მალე“ ქვეყანაში იქნება, ხოლო ნატოს სამეკავშირეო ოფისი „ძლიერდება“ და ნატოს წვრთნები საქართველოში ამ ზაფხულს გაიმართება.
„ნატო ყოველთვის არ აკეთებს რაღაცეებს სწრაფად, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გავაკეთეთ“, – განაცხადა მან, „და საქართველოს მთავრობაც ასეთივე სწრაფი და მიზანდასახულია“.
აპატურაიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მსგავსი ქვეყნები „რუსეთის მხრიდან ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რათა მათ შეცვალონ საკუთარი პოლიტიკური კურსი“.
„ჩვენ ნატოში გვჯერა, რომ სამივე ქვეყანა მეტ მხარდაჭერას იმსახურებს, რათა განავითარონ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები. მე ვიტყოდი, რომ ამ სამიდან საქართველო ყველაზე მეტ მხარდაჭერას იღებს ნატოსგან თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდის კუთხით და ასევე ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტადაც იყენებს ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა მან.
„არსებითად, საქართველოში იქნება მეტი ნატო, როგორც ხილვადობის, ისე კონკრეტული მხარდაჭერის თვალსაზრისით. თუ ინდივიდუალური ქვეყნები გადაწყვეტენ საქართველოსთვის ორმხრივი მხარდაჭერის შეთავაზებას, აღჭურვის ან წვრთნის თვალსაზრისით, ეს მხოლოდ დაეხმარება ნატოს ძალისხმევას“, – განაცხადა აპატურაიმ.
ნატოს შემფასებელთა ჯგუფი საქართველოს მარტის შუა რიცხვებში სტუმრობდა, რომლის დროსაც მისიის წევრებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ალიანსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტის – ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ადგილმდებარეობა, მისიის დეტალები, საორგანიზაციო და სტანდარტული საოპერაციო პროცედურები განიხილეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)