Site icon Civil.ge

უკრაინამ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე საქართველოს უარი უთხრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა 1 აპრილს, რომ მან არ დააკმაყოფილა თბილისის მოთხოვნა საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის თაობაზე, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველია.

სააკაშვილს სხვადასხვა ბრალდებები აქვს წარდგენილი და ის საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება; თუმცა, ექს–პრეზიდენტი ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სასამართლომ 2014 წლის აგვისტოში სააკაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. 

„[ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნის] განხილვის შედეგად უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაასკვნა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა საქართველოს კომპეტენტურმა ორგანომ მისი პოლიტიკური მოტივით დევნის მიზნით გააკეთა“, – ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ 1 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილის ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა იქნება.

ამავე განცხადების თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურატურას ეცნობა უკრაინის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების თაობაზე.

სააკაშვილის ახლო მოკავშირე,  ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი დავით საყვარელიძე 16 თებერვალს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ  დაინიშნა, რითიც კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების წრე, რომელთაც უკრაინაში მაღალი თანამდებობები დაიკავეს, მათ შორის არიან ეკა ზღულაძე, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა; გია გეწაძე, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ალექსანდრე კვიტაშვილი, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი.

თავად სააკაშვილი 13 თებერვალს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის მრჩევლად და რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო  საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა თებერვალში, რომ მიუხედავად მისი თხოვნისა, უკრაინამ არ ითანამშრომლა საქართველოსთან და უარი თქვა სააკაშვილის ექსტრადიციაზე.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)