Site icon Civil.ge

პარლამენტის ოთხ კომიტეტს ახალი თავმჯდომარეები ჰყავს

პარლამენტმა 2 აპრილს ოთხი საპარლამენტო კომიტეტის ახალი თავმჯდომარეები აირჩია – ყველა მათგანი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, სამი მათგანი ფრაქცია "ქართული ოცნებიდან", ხოლო ერთი ფრაქცია "რესპუბლიკელებიდან" არის.

ევროპასთან ინტეგრაციის, საფინანსო–საბიუჯეტო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების თავმჯდომარეები თებერვლის ბოლომდე პარტია "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატები იყვნენ; პარტიამ ნოემბერში მმართველი კოალიცია დატოვა.

ქართული ოცნების დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან, თინა ხიდაშელი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. მან ამ პოსტზე დეპუტატი ვიქტორ დოლიძე შეცვალა. დეპუტატი თამაზ მეჭიაური ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ იქნა არჩეული, რომელმაც ამ თანამდებობაზე დეპუტატი დავით ონოფრიშვილი შეცვალა, ხოლო დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ფრაქცია "ქართული ოცნებიდან"  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. მან ამ პოსტზე დეპუტატი გია ცაგარეიშვილი შეცვალა.

დეპუტატი თეიმურაზ ჭკუასელი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ იქნა არჩეული, რომელმაც ამ პოსტზე ქართული ოცნების დეპუტატი ეროვნული ფორუმიდან, გუბაზ სანიკიძე შეცვალა. ეს უკანასკნელი დააწინაურეს და თებერვალში ის პარლამენტის ვიცე–სპიკერი გახდა.