„საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 2.6% შეადგინა მას შემდეგ, რაც თებერვალში ინფლაციის დონე 1.3% იყო.
2015 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1.2% შეადგინა.
ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტზე ფასები 9.9%–ით გაიზარდა მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო წლიურმა ინფლაციამ ჯანდაცვის სექტორში 6% შეადგინა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 3.7%–ით გაიზარდა მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები 6.6%–ით შემცირდა, ხოლო ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფასებმა 5.3%–ით იკლო მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5%-ზე შეინარჩუნა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ფონზე მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის გარკვეული ზრდა მომდევნო თვეებში, მაგრამ საგარეო და საშინაო ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება შეამცირებს ინფლაციურ რისკებს საშუალოვადიანი პერიოდისთვის.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაცია 5%-ს ფარგლებში იქნება, თუმცა ეს პროგნოზი „მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს“.