Site icon Civil.ge

ფარული მოსმენების რეგულაციების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მორიგი სარჩელი შევიდა

სამოქალაქო კამპანიამ „ეს შენ გეხება“ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რათა მან არაკონსტიტუციურად ცნოს შსს-სთვის დატოვებული შესაძლებლობა „შეუზღუდავი“ წვდომა ჰქონდეს მობილური ოპერატორების სერვერებთან.

ანალოგიური სარჩელი სახალხო დამცველის აპარატმა თებერვლის დასაწყისში შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. 

„ეს შენ გეხება“, რომელიც უკვე ორ წელიწადზე მეტია აქტიურად ითხოვს მოქალაქეთა პერსონალურ კომუნიკაციაზე სამართალდამცავების პირდაპირი წვდომის შეზღუდვას, აცხადებს, რომ ის თავის სარჩელში  ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონების იმ მუხლების გაუქმებას ითხოვს, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის არსებობას ითვალისწინებს.

ეს ნორმები დეპუტატებმა ნოემბრის ბოლოს დაამტკიცეს; მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა ეს ვეტო პარლამენტმა დაძლია

მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ახალი სისტემა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურს უფლებას აძლევს ელექტრონული თანხმობა მისცეს სამართალდამცველ ორგანოებს მოსმენების განხორციელებაზე მაშინ, როცა სასამართლო ნებართვა არსებობს, აპრილიდან ამოქმედდა.

თუმცა ოპონენტები აცხადებენ, რომ შსს-ის მარტივად შეუძლია  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით მოუსმინოს ფარულად, ვინაიდან პირდაპირი წვდომა გააჩნია საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, ე.წ. „შავი ყუთთან“, რაც მოსარჩელეების თქმით, კონსტიტუციის იმ სამ მუხლს ეწინააღმდეგება, რომლებითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, საქმიანობის ადგილის, მიმოწერისა და საუბრის ხელშეუხებლობა; პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; და ასევე პიროვნების უფლება მისი თანხმობის გარეშე არავისთვის იყოს ხელმისაწვდომი მასთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელი არაა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სხვათა უფლებების დასაცავად.

„ეს შენ გეხება“ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ არგუმენტაციას დაეთანხმება და არაკონსტიტუციურად ცნობს მოქმედ რეგულაციებს, „პარლამენტს მოუწევს ახლებურად დაარეგულიროს ფარული მოსმენებისა და თვალთვალის მარეგულირებელი კანონმდებლობა“.