Site icon Civil.ge

დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ევროპულ გზას მხარდაჭერა აღუთქვეს



მარცხნიდან მარჯვნივ: დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგორდი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი; პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გჟეგოჟ სხეტინა; და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი. თბილისი, 2015 წლის 14 აპრილი. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

თბილისში ერთობლივი ვიზიტის დროს დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმართ და რეფორმების გაგრძელების საჭიროებას გაუსვეს ხაზი.

დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი, 14 აპრილს საქართველოს ხელმძღვანელობასთან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავენ.

ვიზიტი დაახლოებით ექვსი კვირით უსწრებს წინ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტს, სადაც თბილისს სურს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა უზრუნველყოს.

მართალია სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციას, მაგრამ მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ევროკომისიის ანგარიშზე, რომელიც რიგის სამიტამდე იქნება წარმოდგენილი და რომელშიც დეტალურად იქნება ასახული, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს რეფორმების განხორციელების კუთხით.  სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირისგან შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.

ქართველ კოლეგასთან თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა, რომლისთვის ეს მესამე ვიზიტია საქართველოში შარშან აპრილის შემდეგ, განაცხადა: „ჩვენ ვიცით, რომ თქვენ დიდი სურვილი გაქვთ, რომ ვიზების ლიბერალიზაცია რიგის სამიტამდე მიიღოთ“.

„დღეს ვერ დაგპირდებით, რომ ეს მოხდება, მაგრამ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ამ პროცესში დაგეხმაროთ“, – განაცხადა მან.

“პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვიზების ლიბერალიზაციას“, – განაცხადა ლიდეგორდმა და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე მიიღება.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციას, თუმცა აღნიშნა, რომ რიგის სამიტისგან „რეალისტური მოლოდინები“ უნდა იყოს.

ვალსტრომმა განაცხადა, რომ ყველა ამოცანა, რომელიც საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაშია დასახული, უნდა შესრულდეს.

„იქიდან, რაც გვესმის, გასაგებია, რომ ჯერ კიდევ რაღაც რეფორმებია საჭირო სასამართლო სისტემაში და როდესაც საქმე ეხება მიგრაციას; ამიტომაც მივანიშნებთ, რომ რეალისტური მოლოდინები უნდა იყოს, მაგრამ ასევე ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც იქნა გაღებული“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანაც მხარდამჭერია, თუმცა საქართველოზეა დამოკიდებული რეფორმების განხორციელება. „ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი“, – განაცხადა მან, „ვიმედოვნებთ, რომ რიგის სამიტი გახდება მნიშვნელოვანი მომენტი აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის“.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროგრესი დადებითად შეფასდება და ევროკომისია სავიზო მოთხოვნების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს, შემდეგ ეს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ, რათა ის ძალაში შევიდეს. 

ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ეს ვიზიტი „მეგობრობის და მხარდაჭერის“ დემონსტრირებაა, „ჩვენ ასევე გარკვეული მოთხოვნებიც გვაქვს“, როდესაც საქმე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს ეხება.

„ვიმედოვნებთ, რომ პროცესი და რეფორმები ევროკავშირში ინტეგრაციისკენ იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენ უფრო მეტად მომავლისკენ იხედებით, ვიდრე წარსულისკენ, რომ თქვენ განაგრძობთ ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომ შექმნით დემოკრატიულ, გამჭირვალე ინსტიტუტებს, რომლებიც ხალხის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებულნი და ამის მაგალითად სასამართლო სისტემის რეფორმას გთხოვთ. მაგრამ ასევე გთავაზობთ თანამშრომლობას… შეგიძლიათ ჩვენი იმედი იქონიოთ, რომ დაგეხმარებით იმის გაკეთებაში, რის გაკეთებასაც გთხოვთ ევროკავშირთან დასაახლოებლად“, – მარგოტ ვალსტრომმა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ერთობლივი ვიზიტი ევროპული ინტეგრაციისკენ საქართველოს გზის მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

„ვაღიარებთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც გადადგით თქვენს გზაზე“, – განაცხადა ლიდეგორდმა.

„ასევე ნათელია, რომ ჯერ კიდევ არსებობს ბარიერები ამ გზაზე – ზოგიერთი მათგანი გარედან არის შექმნილი“, – განაცხადა მან და დაგმო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა; მან ასევე აღნიშნა რეფორმების საჭიროება, მათ შორის სასამართლო სისტემაში.

საქართველოს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ მემორანდუმს თანამშრომლობის ახალი ფორმატის – „თბილისის კონფერენციის" დაფუძნების შესახებ, რაც გულისხმობს ვარშავის მხარდაჭერას და პოლონური გამოცდილების გაზიარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ წელს ეს ფორმატი  ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარებით დაიწყება; ასევე ყურადღება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე გამახვილდება. გჟეგოჟ სხეტინას თქმით,  გამოცდილების გაზიარების ეს ფორმატი „მხარდაჭერისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ მკაფიო სიგნალს“ აგზავნის.

როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს პერსპექტივაზე დაისვა კითხვა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ საქართველო ამას არ უნდა ელოდოს რიგის სამიტზე.

„ეს ძალიან ადრეა“,– განაცხადა ლიდეგორდმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე საქართველომ ასოცირების შეთანხმება უნდა შეასრულოს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ვფიქრობ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა წევრობის შესახებ ვარიანტი ღია დატოვოს… განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“.   

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეხვდნენ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების ლიდერებს. ისინი ასევე შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)