Site icon Civil.ge

პრემიერ–მინისტრი წითელი ცირკულარით ადეიშვილის ძებნის შეწყვეტის თაობაზე

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერპოლის მიერ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რომ „მთავრობამ, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა“, თუმცა გადაწყვეტილება უკვე „ინტერპოლის საქმეა“. 

პრემიერ მინისტრის თქმით, ადეიშვილი თბილისის მიერ  მთელი რიგი ბრალდებების გამო კვლავაც იძებნება.
 
„ასე რომ, თუ ინტერპოლს აქვს რამე ახალი პოლიტიკა და ეს მათი გადაწყვეტილებაა ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიცია რა უნდა იყოს, რატომ უნდა იყოს  საინტერესო?“- განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, „ჩვენმა მთავრობამ, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში, იყო ძებნაში, არის ძებნაში და რჩება ძებნაში და ყველა ის დამნაშავე, რომელმაც წლების განმავლობაში შექმნა ეს დანაშაულებრივი სისტემა; ციხეში სხედან მერაბიშვილიც, ახალაიაც და სხვები, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ძალიან დიდი სირთულეები შეუქმნეს“.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მას ინტერპოლისგან პოსტ ფაქტუმ ეცნობა ადეიშვილის წითელი ცირკულარიდან მოხსნის თაობაზე იმ მოტივით, რომ მას „ერთ-ერთი სახელმწიფოს“   მიერ ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული და შესაბამისად, ვერ შეძლო „დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი  დოკუმენტაციის წარდგენა“.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2013 წლის იანვარში, როცა საქართველომ ინტერპოლს ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადების თხოვნით მიმართა, ინტერპოლმა „გაიზიარა ყველა ის მასალა, რომელიც გადაუგზავნა პროკურატურამ".

„ეს რომ ყოფილიყო არასაკმარისი ან არაარგუმენტირებული, ინტერპოლი, რა თქმა უნდა, არ დასვამდა ადეიშვილს წითელ ცირკულარზე“, – დასძინა მან.