Site icon Civil.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით 21 აპრილს მიმართა.

„გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია,“- ნათქვამია სამინისტროს მოკლე განცხადებაში, რომელიც სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

31 წლის დავით შავლიაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს. მისი ცხრა თვიანი მმართველობის  განმავლობაში დროდადრო პრესა წერდა მთავრობიდან მისი შესაძლო გაშვების შესახებ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დეკემბრის დასაწყისში მის მოადგილედ ნოდარ ჯავახიშვილი,  ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქართუ ბანკის მმართველი დაინიშნა.

თუ პრემიერ-მინისტრი გადადგომის თაობაზე შავლიაშვილის თხოვნას დააკმაყოფილებს, მის შემცვლელს ღარიბაშვილი თავად დანიშნავს და მთავრობას პარლამენტის მიერ დამტკიცება არ დასჭირდება, რადგან შავლიაშვილი მეხუთე მინისტრი იქნება, რომელიც მას შემდეგ დატოვებს პოსტს, რაც ივლისში ღარიბაშვილის განახლებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა ხელახლა მოიპოვა.

პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ კაბინეტის 20 წევრიდან სულ ცოტა 7 გამოიცვლება; ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო იმისათვის, რომ მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვოს.